საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. კახა კუჭავამ ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგი გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.
საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს. როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, მას სწამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შორის არსებობს მიმართულებები, მათ შორის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რომლის გარშემოც არსებობს თანხმობა. მისი თქმით, მსგავსი საერთო პოზიციები უნდა გახდეს მათი თანამშრომლობის საფუძველი.
ელჩმა გერმანიაში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობის და პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ, მოკლე დროში მოხერხდება გაცვლითი ვიზიტების გამართვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.