კახა კუჭავა - როგორ შეიძლება, საქართველომ გადაუხვიოს დასავლურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი
დღეს მაქსიმუმზეა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ ამ მიზანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სამტრედიაში განაცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სამტრედია ყოველთვის გამოირჩეოდა საკვანძო ფუნქციით და ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკაში ათწლეულების განმავლობაში.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარვსდგე და მოგესალმოთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თანამედროვეობისადმი უნიკალური ხედვით, თუ როგორ შეექმნა, წარმოეჩინა და დაენერგა ის სიახლეები, რომელიც ხალხისთვის იქნებოდა სიკეთის მომტანი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მისი მიღწევები, რომლითაც დღესაც ვამაყობთ და დღესაც ხელშესახებია. ჩემთვის განსაკუთრებულად სიმბოლურია დღეს ამ ადგილიდან მოგმართოთ, რადგან სწორედ ეს ადგილია და ეს ადამიანია, რომელიც თანამედროვე, მოდერნიზებულ საქართველოსთან ასოცირდება – საქართველოსთან, რომლის ერთადერთი გზა და მომავალი არის ევროპა. დღეს მეკითხებოდნენ, გადაუხვია თუ არა ჩვენმა ქვეყანამ დასავლურ გზას. როგორ შეიძლება გადაუხვიოს საქართველომ დასავლურ გზას, როდესაც ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. დღეს მაქსიმუმზეა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობისა, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას და ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ ნამდვილად მივაღწევთ ამ მიზანს.
ამისთვის აუცილებელია ერთად დგომა- – ვგულისხმობ ძლიერ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს ქვეყანა, თითოეული რეგიონი. ასევე ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები, საწინდარია იმის, რომ ვიხილოთ ძლიერი საქართველო. ამომრჩევლისგან მხარდაჭერა არ არის მხოლოდ არჩევნებზე მისვლა. ეს არის ყოველდღიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-მერთან და საკრებულოსთან ერთად. ეს არის ახალგაზრდობის ჩართულობა და მათთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა. მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე, სამტრედიაზე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საკვანძო ფუნქციით და ნამდვილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკაში ათწლეულების მანძილზე. დღეს ამას დაემატა კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც იცით თუ როგორ ვითარდება. ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც უნდა დავინახოთ და მერის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების თანამშრომლობით ვიხილოთ ძლიერი რეგიონები. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დიდხანს არ ვისაუბრებ. ამ მხრივ, ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს შეიქმნა და უნდა გამოვიყენოთ.
შეიძლება უკეთესი პროგრამებიც იქნას მოფიქრებული, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ რეგიონებზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, რომ კიდევ მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ. ტურიზმზე როდესაც ვსაუბრობ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, არ შეიძლება სამტრედია გამოვტოვოთ. სამტრედია აკავშირებს დასავლეთს აღმოსვლეთთან და სამხრეთს ჩრდილოეთთან და ყველამ აქ უნდა გაიაროს. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ აბსოლუტურად ახალი ხედვა წარმოვადგინოთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სამტრედია. ათწლიანი გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, საჭიროებს ძლიერ მერს და ძლიერ საკრებულოს. ამიტომ, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, რომლის გამარჯვებაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, რომლის გამარჯვებასაც ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ ძლიერ გამარჯვებას. დარწმუნებული ვართ, რომ 2024 განაცხადსაც შევავსებთ და შევძლებთ ყველა იმ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას და დასრულებას, რომელსაც მოსახლეობა და ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.