კახა კუჭავა - ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, ძლიერი რეგიონები, ჩვენ გვჭირდება გამარჯვებული ერის, ქვეყნის სტატუსი
კახა კუჭავა - ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, ძლიერი რეგიონები, ჩვენ გვჭირდება გამარჯვებული ერის, ქვეყნის სტატუსი

ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, ძლიერი რეგიონები. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანა უნდა გავაძლიეროთ; ჩვენ გვჭირდება გამარჯვებული ერის, ქვეყნის სტატუსი, ამას უნდა მივაღწიოთ არა მხოლოდ ყველა რეგიონში, არამედ ყველა მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში.

კუჭავას თქმით, წინასაარჩევნოდ მათ ყველა რეგიონი მოიარეს და მოსახლეობას არსებულ პროგრამებზე ინფორმაციას აწვდიდნენ. საუბრობდნენ მათთან, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა „ქართულ ოცნებას“.

კუჭავამ არჩევნების პირველი ტური და წინასაარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კარგად გამოჩნდა, რეგიონების მიხედვით რომელ კანდიდატს რა პრიორიტეტი ჰქონდა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხვალ ძალიან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა რეგიონში, თბილისიდან დაწყებული, ჩვენ გვქონდა კონკრეტული ხედვა, თუ რა გვინდა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში – ის, რასაც მოსახლეობას ვეუბნებოდით და ჩვენგან ელოდებოდნენ. რაც ყველაზე მთავარია, ეს იყო დაფუძნებული იმ დიდ გათვლებზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას გამოჩნდა. თბილისის მაგალითი განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ, რადგან წარმოდგენილი პროექტები ნამდვილად იყო გამორჩეული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.