კახა კუჭავა - ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა მოვისმინოთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებზე
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციაა, რომ სურთ, საქართველო იხილონ ძლიერი და იხილონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ სენატორებთან – ჯინ შაჰინთან და რონ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ დეტალს, რომელიც სენატორებისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, მოვისმინოთ ჩვენი მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია მათი პოზიცია, რომლებსაც სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი. ჩვენს პარტნიორებს სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ მთავარ გზაზე ვდგავართ და ამ კუთხით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მეტწილად ხელისუფლება იღებს, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა მოისმინონ. ყველა იმ დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საკითხებს. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონულ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენას. ვიმედოვნებთ, ისე როგორც ისინიც გამოხატავენ ამ პოზიციას, ეს არის პრობლემები, რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს. მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს. სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა კუჭავამ.