საქართველო და ევროკავშირი – ერთად გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცისკენ, – ამ სათაურით გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას სტატია newdirection.online-ზე:
„საქართველო არის ამაყი ევროპელი ერი 3 000-წლიანი ისტორიით. ბოლო წლებში განხორციელდა რიგი ძირეული რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მოდერნიზაციისა და წახალისების მიზნით: ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, საჯარო სექტორის რესტრუქტურიზაცია, დერეგულაცია ბიზნესისთვის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ვაჭრობასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები, რამაც, თავის მხრივ, გავლენა იქონია სტაბილურობაზე გარემოსდაცვითი კუთხით. გარემოსდაცვითი სტრატეგიები, კლიმატური ცვლილებები და მდგრადობა წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხებს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის და საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.
2015 წელს, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, საქართველოს მთავრობამ დადო გარემოსდაცვითი სტრატეგიების ერთგულების ურყევი პირობა და დაადასტურა თავისი როლი, როგორც სუფთა ენერგიის ექსპორტის სფეროს ლიდერმა რეგიონში. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველომ დასახა მიზნები 2021-2030 წლების კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის მეშვეობით და შეუერთდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციას“, ასევე დაასრულა დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება. როგორც კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი მხარე, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს კონვენციის და შესაბამისი მოლაპარაკებების პროცესის მიზნების მისაღწევად.
2013 წელს საქართველომ, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით, დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მიღწეული შედეგების საფუძველზე, საქართველომ მოამზადა და კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციას წარუდგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო 2020 წლის შემდეგ კლიმატური ცვლილებების შემცირების ზომები, რომელთა მიღება განსაზღვრული იყო 2015 წლის ახალი შეთანხმებით. მდგრადი განვითარების და ეროვნული თავისებურებები გათვალისწინებული იყო საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შედგენაში.
გარდა ამისა, საქართველოს მტკიცე გადაწყვეტილებაა ეროვნულ დონეზე მისაღები გავლენის შემცირების ზომების და ტყის გაჩეხვისა და დეგრადაციის შედეგად მიღებული ემისიის შემცირების შესახებ დოკუმენტების შემუშავება და მიღება. საქართველო მხარს უჭერს მწვანე ეკონომიკის განვითარებას თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ხელშეწყობის, სუფთა სატრანსპორტო მომსახურების შემუშავების და მდგრადი მოხმარებისა და წარმოების რეჟიმზე გადასვლის უზრუნველყოფის გზით.
რაც შეეხება მდგრადობას, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის და მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის მისაღწევად, რისთვისაც ქვეყანა ერთგულებს ამ დღის წესრიგის ძირითად პოსტულატს: „არავინ დარჩეს უყურადღებოდ“. მთავრობის სტრატეგიები და პრიორიტეტები თანხმობაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან, რის წყალობითაც ისინი წარმოადგენს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მყარ საფუძველს. ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის დონე საქართველოს განვითარების დაგეგმვაში ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებების შესაბამისად ძალიან მაღალია: 36 სექტორული სტრატეგია და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ჯამში მოიცავს ქვეყნის ეროვნულ დონეზე მორგებული მდგრადი განვითარების მიზნების 96%-ს. გარდა ამისა, ღია მმართველობის მუდმივი საპარლამენტო საბჭო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმის შესრულებას, ხოლო ცალკეული კომიტეტები ადრეულ სამოქმედო გეგმებში უკავშირებენ თავიანთ საქმიანობას მდგრადი განვითარების მიზნებს.
კლიმატის თვალსაზრისით, საქართველოს ახასიათებს განსაკუთრებული მრავალფეროვნება. ქვეყანაში წარმოდგენილია თითქმის ყველა კლიმატური ზონა, თუ არ ჩავთვლით უდაბნოს, სავანას და ტროპიკულ ტყეებს. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 40% დაფარულია ტყეებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლებმა მიიღეს ახალი ტყის კოდექსი, რომელშიც აღწერილია ტყის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები და ჩამოყალიბებულია ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, რომელთა მიზანიცაა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია.
საქართველო გეგმავს, 2030 წლისთვის უპირობოდ შეამციროს სათბურის აირების ემისია 15%-ით „ჩვეული ბიზნესის“ სცენართან შედარებით. საქართველო უკვე იყენებს განახლებად ენერგიას ელექტროენერგიის 80%-ის მისაწოდებლად. ქვეყანა გამოირჩევა უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მტკნარი წყლის რეზერვით. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ქართველი ფერმერები შეასრულებენ გადამწყვეტ როლს საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი საჭიროების უზრუნველყოფაში: ეს არის საკვები პროდუქტების უსაფრთხო, უვნებელი და ხელმისაწვდომი მარაგი, რაც ხაზს უსვამს კავშირს სოფლის მეურნეობაზე კლიმატური ცვლილებების გავლენასა და სურსათის უვნებლობას შორის. ბოლო ათწლეულებში კლიმატური ცვლილებების უარყოფითმა შედეგებმა მკვეთრად შეამცირა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. უკვე განხორციელებულია რიგი ზომები იმისთვის, რომ მოხდეს სოფლის მეურნეობის სექტორი ადაპტირება მოსალოდნელ კლიმატურ ცვლილებებთან, მათ შორის:
• სოფლის მეურნეობაში საგანგებო სიტუაციებზე (გვალვა, წყალდიდობა და ა.შ.) რეაგირების გეგმების კვლევა და შემუშავება;
• ირიგაციის მართვის და წყლის გამოყენების ინოვაციური მეთოდების შემოღება;
• ადგილობრივ პირობებზე მორგებული ეროზიის საწინააღმდეგო ზომების მიღება;
• ფერმერებისთვის საინფორმაციო ცენტრების დაარსება მათთვის სოფლის მეურნეობის ადაპტირებული მართვის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და სხვ.
ეროვნული დონის ინიციატივების გარდა, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დახმარებით, გადადგა ზომები გარემოსდაცვითი პოლიტიკის და კონსერვაციის მიმართულებით. 2019 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის პროგრამის დაწყება (ბიუჯეტი: 70 მილიონი აშშ დოლარი), რომლის მიზანიცაა ქვეყნის დაცვა ბუნებრივი კატაკლიზმებისგან და მათ მიერ გამოწვეული ზიანის მინიმიზაცია. გარემოსდაცვითი და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარეობს 3 პროექტის სახით, რომელთა მიზანიცაა წყლის მარაგის და სანიტარული სისტემის განახლება, თანამდეროვე ნაგავსაყრელების მშენებლობა, ინდუსტრიული დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა, ტყეების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის პროდასავლური წინსვლის უზრუნველყოფა, რასაც მოწმობს კიდეც ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტების დიდი რაოდენობა. საქართველო სათუთად უფრთხილდება საერთო ღირებულებებს, რომელთაც ეფუძნება ევროპა, იქნება ეს სტრატეგიული, ეკონომიკური თუ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნები. ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი სტრატეგია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სფეროში, და მხარს უჭერს რიგი გლობალური სტრატეგიული მიზნების მიღწევას, კლიმატური ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის და მისი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე ევროპული მწვანე შეთანხმების ჩათვლით.
კლიმატური ნეიტრალიტეტისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირსა და საქართველოს აკისრიათ საერთო პასუხისმგებლობა პარიზის შეთანხმების შესრულებაში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტანის კუთხით, ასევე ეკონომიკის მოდერნიზაციის და ნახშირბადის კვალის შემცირების თვალსაზრისით.
ევროპული მწვანე შეთანხმება ცხადყოფს, რომ გარემოს და კლიმატური ცვლილებები ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას ევროკავშირისა და, საქართველოს ჩათვლით, მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ მტკიცე და მდგრადი მომავლის მშენებლობაზე:
• რეგიონის გარდაქმნა თანამედროვე, რესურსების მხრივ თვითკმარი, სუფთა, წრიული და კონკურენტული ეკონომიკის მქონე სამართლიან და აყვავებულ საზოგადოებებად და, ამავე დროს, მათი აქტიურობის გაზრდა გარემოსა და კლიმატის სფეროში, მათ შორის ბუნებრივი რესურსების უფრო მდგრადი გამოყენების გზით;
• მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული ახალი მწვანე სამუშაო ადგილების და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა;
• გარემოსდაცვითი მმართველობის უზრუნველსაყოფად და ცნობიერების ასამაღლებლად ინვესტიციების გაგრძელება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით;
• მდგრად და „ჭკვიან“ მობილურობაზე გადასვლის დაჩქარება;
• მოქმედების გააქტიურება მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვან სფეროებში.
ევროკავშირმა და საქართველომ უკვე დაიწყეს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შეთანხმებული მოქმედება მდგრადი გარემოსდაცვითი ინვესტიციების კუთხით, მათ შორის მწვანე ტაქსონომიის, გარემოსა და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცხადების და მწვანე ფინანსური პროდუქტების სტანდარტებისა და ეტიკეტების სფეროებში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპული ქვეყნების უწყებებსა და საელჩოებთან, რათა პროექტები გარემოსა და კლიმატის სიმტკიცესთან დაკავშირებით განხორციელდეს უშუალო ჩართულობით.
2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ენერგოეფექტურობისა და ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების შესახებ, რითაც ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს. ამ ნაბიჯმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მხრიდან.
ამ კანონის მიზანია ემისიის და დაბინძურების შემცირება, შენობათა ენერგოეფექტურობის გაზრდა, ასევე ენერგორესურსების იმპორტის შემცირება და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. ევროკავშირი, ენერგეტიკული თანამეგობრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარებიან საქართველოს კლიმატსა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწაში – საქართველო უკვე მიიწევს წინ სათბურის აირების ემისიის შემცირებისკენ მიმართული კანონებისა და სტრატეგიების მიღების კუთხით.
საქართველოში ნახშირორჟანგის ექვივალენტური ემისია უდრის დაახლოებით 17,6 ტონას წელიწადში (2,37 ტონა სულ მოსახლეზე), რაც ბევრად ნაკლებია მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ემისიებზე, თუმცა მაინც ოდნავ აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მონაცემებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment ინიციატივა, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ეხმარება საქართველოს და კიდევ 5 პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებაში და მოსახლეობის გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდაში, რისთვისაც მხარდაჭერილია გარემოსთან დაკავშირებული ზომები, ასევე ხაზგასმული და გამოყენებულია მეტი მწვანე ზრდის შესაძლებლობები და შექმნილია მექანიზმები გარემოსდაცვითი რისკების და ზეგავლენის მართვის გასაუმჯობესებლად. 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევები ხსენებული 18-თვიანი პროექტის (ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულების მხარდაჭერა) ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოს გარემოსდაცვითი სისტემის მხარდაჭერა. ასე, აღნიშნულია მიღწევები შემდეგი მიმართულებებით:
• საზღვაო გარემოს დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო პროგრამის პროექტი;
• მართვის გეგმები „ზურმუხტის ქსელის“ 3 რეგიონისთვის: სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი-რაჭა;
• ანგარიშები ატმოსფეროს ხარისხის შესახებ (საწვავის დისტრიბუციით, საღებავების წარმოებითა და დისტრიბუციით გამოწვეული ემისია; ატმოსფეროს ხარისხის სტრატეგიის პროგნოზები);
• ანგარიშები დაცული ტერიტორიების მონიტორინგის და მართვის შესახებ.
ყველა ეს მიღწევა აძლევს საქართველოს საშუალებას, დააჩქაროს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების შესრულება და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი სისტემა, რათა ჯამში სარგებელი მოუტანოს საქართველოს ბუნებას და მოქალაქეთა ჯანმრთელობას.
ხსენებული კანონის ეფექტიანი გატარება მოიცავს კომპლექსურ პროცესს და მოითხოვს რამდენიმე კომპონენტის არსებობას, ეფექტიანი ზედამხედველობის ჩათვლით. ხშირად ყურადღება გადატანილია კანონპროექტის მიღების უზრუნველყოფაზე და არა მის პრაქტიკულ შესრულებასა და შედეგებზე. ამ ხარვეზის გამოსწორებაში და, შედეგად, მომავალში ქვეყნის გარემოს და კლიმატის სიმტკიცის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებს პრაქტიკისა და რეგულაციების ზედამხედველობა. საინტერესოა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავას (გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე) თავმჯდომარეობით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წარმატებით შემოიღო საკომიტეტო გამოძიების პრაქტიკა (ატმოსფეროს ხარისხი თბილისში და ნარჩენების მუნიციპალური მენეჯმენტი) და მიღებული კანონების აღსრულების დაწვრილებითი შემოწმება, რაც მოგვიანებით აისახა პარლამენტის რეგლამენტში და დღეს აქტიურად არის გამოყენებული სხვა კომიტეტების და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმებს, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოება იყენებს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საპარლამენტო ზედამხედველობას. ყველა პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და შესაბამისობაშია ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პროცესებთან. საკომიტეტო გამოძიების შედეგად, მიწოდებულია რეკომენდაციები და მათი შესრულების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი თანამდებობის პირი პარლამენტს აბარებს ანგარიშს ხსენებული რეკომენდაციის სტატუსის შესახებ.
საქართველო ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ და ფაქტია, რომ ქვეყანა პასუხობს შესაბამის სტანდარტებს, თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მოთხოვნების და რეგულაციების დაწესება საკმარისი არ არის – არსებითი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორთან მუშაობას. ამისთვის კი აუცილებელია არასტანდარტული აზროვნება – კლიმატური კრიზისის დასაძლევად ყველამ უნდა მოუხმოს ინოვაციურ აზროვნებას, და მუშაობას კერძო სექტორთან სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ცნობილი ქველმოქმედი და საქველმოქმედო მიზნების, მათ შორის კონსერვაციის, ხელგაშლილი მხარდამჭერი. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კერძო ქველმოქმედებას არსებითი როლი ენიჭება, რადგან ის საგრძნობლად ავსებს სახელისუფლებლო დაფინანსებას. ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს კონსერვაციის სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ (ფონდი ქართუ) მეშვეობით, რომელიც მისმა ოჯახმა 1995 წელს დააარსა ფილანთროპიული და საქველმოქმედო პროექტების მეშვეობით საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად. დაარსებიდან მოყოლებული ფონდმა ქართუ დააფინანსა და განახორციელა 3,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და გარემოს დაცვის სფეროებში.
გარემოს დაცვა წარმოადგენს ფონდის პრიორიტეტულ მიმართულებას. 1995 წლის შემდეგ დაფინანსდა და განხორციელდა შემდეგი პროექტები:
• ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები;
• ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები;
• თუშეთის დაცული ტერიტორიები;
• ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
• თბილისის ბოტანიკური ბაღი.
ორ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ასევე წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის დენდრარიუმი და წყალტუბოს აღდგენა.
დენდრარიუმის პროექტი ურეკში დაიწყო 2015 წელს, რომლის შედეგად საქართველოს აქვს უნიკალური დენდროლოგიური პარკი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში. მასში თავმოყრილია საქართველოს ხეების, ყვავილებისა და ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექცია. ბოტანიკური ბაღი დიდი პოპულარობით სარგებლოს ქართველ ტურისტებს შორის და მას შემდეგ, რაც ნორმალური მიმოსვლა აღდგება 2021 წელს, აუცილებლად შევა ყველა მოგზაურის აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში.
თავისი მნიშვნელობით, დენდრარიუმი უტოლდება ისეთ პრესტიჟულ ბოტანიკურ ბაღებს, როგორიცაა სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, ადელაიდის ბოტანიკური ბაღი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღები.
წლის დასაწყისში თბილისში გაცხადდა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება ტყიანი ლანდშაფტის კიდევ დაახლოებით 700 ჰექტარის აღდგენა მთაწმინდის ფერდობზე, საქართველოს დედაქალაქის გულში. ფონდი ქართუს პროექტის მიზანია დაზიანებული ტყეების აღდგენა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა.
რაც შეეხება წყალტუბოს, ეს შედარებით ახალი პროექტია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად დაიშალა. წარსულში ეს კურორტი, რომელიც მოიცავდა 22 სანატორიუმს და ცხრა ბალნეოლოგიურ აბანოს, წარმატებით უწევდა კონკურენციას არა მხოლოდ რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებსაც. რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას არ აქვს წყალტუბოს რეაბილიტაციაში ასობით მილიონი ევროს ინვესტირების შესაძლებლობა (მთავრობის პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა COVID-19 კრიზისის შემდეგ), ფონდმა ქართუმ ითავა წყალტუბოს აღდგენის პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს არსებული თუ განადგურებული ტურისტული და სამედიცინო ინფრასტრუქტურის სრულ აღდგენას და მის განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ქართული ოცნების“ მმართველმა ხელისუფლებამ აქცია საქართველო თანამედროვე, მდგრად სახელმწიფოდ, რომელიც იზიარებს ევროკავშირის ინოვაციურ და მტკიცე მიდგომას გარემოს დაცვისადმი. 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის ყველა ნაბიჯი ცხადყოფს, რომ საქართველო ამ მხრივ მოწინავეთა რიგშია. მისი ერთგულება მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკისადმი, რომელიც კიდევ ერთხელ ეს დადასტურდა გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე პარიზში, ასევე მის მიერ კლიმატური ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტით დასახული მიზნები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „მწვანე ზრდის დეკლარაციაზე“ მიერთება, რასაც ერთვის ეროვნული დონის თუ კერძო ინიციატივები – ყოველივე ეს ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას გარემოს დაცვაში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბიზნესის როლიც. გარემოს დაცვის საკითხებში სახელმწიფოს ვალდებულებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კორპორატიული და პირადი პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
მიუხედავად ამისა, 2012 წლიდან მოყოლებული მმართველი პარტიის მტკიცე პოლიტიკური ნება, გადადგმული ნაბიჯები და ამბიციური გეგმები მიზნები ადასტურებს, რომ გარემოსდაცვითი და კლიმატური სიმტკიცე წარმოადგენს პრიორიტეტს და აუცილებელია გაუმჯობესების შესაძლებლობების ბრძნულად გამოყენება.
ევროკავშირის ოფიციალური პირები უმაღლეს შეფასებას აძლევენ მთავრობის მუშაობას და ევროკავშირი-საქართველოს ბევრმა ერთობლივმა პროექტმა ბოლო 18 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა. ეს კი საფუძველს უყრის საქართველოს მომავალს ევროპაში, აქცევს რა ქვეყანას ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გაფართოებული თანამშრომლობის და შემდგომი ინტეგრაციის კუთხით“, – აღნიშნულია კახა კუჭავას სტატიაში.