კახა კუჭავა - „არემჯი გოლდს“ ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ უნდა მიეცეს, ვიდრე კომპანია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნებას არ გამოიჩენს
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ კომპანია „არემჯი გოლდს“ ბნელი ხევის საბადოზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ უნდა მიეცეს, ვიდრე კომპანია არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნებას არ გამოიჩენს.
შესაბამის დასკვნას კომიტეტი იმ სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე აკეთებს, რომელიც ამავე კომიტეტის ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და თითქმის ორი თვის განმავლობაში სწავლობდა რისკებს, მათ შორის სახელმწიფო და კერძო ექსპერტიზების შედეგებს.
კომიტეტი სამუშაო ჯგუფის წევრთა მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ დაბინძურებით მიყენებული ზარალი შესაძლოა, მეტი იყოს, ჯარიმების მოქმედი სისტემა კი ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას.
„ჯგუფი შექმნა. დაახლოებით ორი თვის სამუშაოს წარმოების შემდეგ კონკრეტული ფაქტები დადგინდა. აქ მოხდა ანალიზი იმ კონკრეტული კვლევების, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, მათ შორის სახელმწიფო უწყებების და დამოუკიდებელი პირების მიერ ჩატარებული კვლევები.
შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც გავამახვილეთ ყურადღება. ჩვენ ვთვლით, რომ ის მდგომარეობა, რომელიც ბოლნისის ამ საბადოს გამო არის შექმნილი, საკმაოდ სავალალოა და მივიჩნევთ, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყოს, რომელიც ამ დროისთვის შეიქმნა. ქმედითი ნაბიჯები იყოს გადადგმული და უკვე ამის შემდეგ მიეცეს კომპანიას საშუალება, აითვისოს ახალი საბადოები.
მანამდე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია გაგრძელდეს ნებისმიერი სახის სამუშაოები ახალი საბადოს დამუშავების მიზნით”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პირველ არხთან საუბარში.