კახა კუჭავა - არჩევნები შედგა და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ყველა მოვლენას შესაბამისი სახელი დაერქვა
მთავარი მიზანი, რაც ევროპელებს ჩვენთან მიმართებაში აქვთ, არის ის, რომ იყოს მშვიდობა და სტაბილური განვითარების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ამ დოკუმენტის წარმოდგენით და შეთანხმების ხელმოწერით, მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, საერთოდ აღმოიფხვრას ყველა ის საფუძველი, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ამ ძირითადი მიზნის მიღწევას. აი, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი, თუ როგორ შეხედეს მათ იმას, თუ როგორ შეიძლება, მივაღწიოთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით მაინც კონსენსუსს; ის, რაზეც ვერ ვთანხმდებით, ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს და ვიფიქროთ გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებელია, ჩვენ დღის წესრიგში არსებობდეს და რომელზეც ერთხმად უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კუჭავამ.
აღნიშნული განცხადებით კახა კუჭავამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „აღიქმება თუ არა ევროკავშირის მიერ დოკუმენტში ორი ადამიანის გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ასახვა იმად, რომ დასავლეთი საქართველოში კანონის უზენაესობას არ აღიარებს, რადგან გიორგი რურუას და ნიკა მელიას პოლიტპატიმრობა არავის უღიარებია“.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, „რატომ მოუწია „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებთან დაკავშირებით მაშინ, როცა მმართველ პარტიას აქვს უმრავლესობა და საკითხი ასე არ დგას, შეძლებს თუ არა ის მთავრობის დაკომპლექტებას, ქვეყნის მართვას, ბიუჯეტის მიღებას და ა.შ“, – კახა კუჭავამ განაცხადა, რომ აუცილებელია, მმართველმა გუნდმა სახელმწიფოებრივად იფიქროს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.
„ამ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების საკითხი თვითმმართველობის არჩევნებს მიება, აღმოჩნდა კარგი საშუალება, რომ ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს და თემა დაიხუროს. როგორ იქნება, ამას არჩევნები გვაჩვენებს. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – განაცხადა კუჭავამ.
ამასთან, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას კუჭავამ აღნიშნა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა არის რეალური სურათი, მაგრამ რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები ჩიხში შევიდა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა გახდა საჭირო.
„არჩევნები შედგა, არჩევნები ლეგიტიმურია და „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ამ და ყველა სხვა მოვლენასთან დაკავშირებით, ყველაფერს შესაბამისი სახელი დაერქვა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან კარგად აქვთ. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებზე და მოხდა ისე, რომ ეს პროცესები ჩიხში შევიდა. აი, ამიტომ მოგვიწია, პროცესში ჩართულიყო საერთაშორისო საზოგადოება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „თავისუფალ ხედვაში“