კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმსა და სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს
უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არაპროფესიონალიზმსა და დიდ სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მთავრობა პიარისთვის მილიონებს ხარჯავს.
დეპუტატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თანხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ხუთი წლის განმავლობაში დაიხარჯა.
„ოპოზიციის განცხადება პიარისთვის დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც რეალურად მთავრობა ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა პროექტისთვის ხარჯავს, იქნება ეს კულტურული, სპორტული, თუ მსგავსი სახის ღონისძიება, მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, თუ არა ძალიან დიდი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ მოსახლეობის მანიპულაციას “ – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას.
მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხარჯები ეხება არა მხოლოდ სამინისტროებს, არამედ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, მათ შორის უნივერსიტეტების, ანსამბლების, თეატრების, მუზეუმებისა და სხვათა ჯამურ საკომუნიკაციო აქტივობებს ხუთი წლის განმავლობაში.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ტურისტთა დიდი ნაკადი ჩადის, მთავარი მიმართულებაა, ქვეყანა ტურისტულად მიმზიდველი გახადონ. შესაბამისად, ზუსტად ასეთ ღონისძიებებზე ხარჯავდნენ, ხარჯავენ და მომავალშიც დახარჯავენ თანხებს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ტურიზმზეა ორიენტირებული.