კახა კუჭავა - „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ტექნიკურ საკითხებზე
„არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება ტექნიკურ საკითხებზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
„ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ პარლამენტში მონიტორინგის მიზნით მას შემდეგ შეიქმნა, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ ზიანის შესახებ დასკვნა მოამზადა და მისი გამოსწორების მიზნით კომპანიას რამდენიმეწლიანი პროგრამის შესრულება დაავალდებულა.
„როგორც სამინისტროს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რამდენიმე დასკვნა დაიდო, რა სახის ზიანზეა საუბარი. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლითაც ვცდილობთ, ის პროგრამა შესრულების ნაწილში გავაკონტროლოთ, რომელიც სამინისტროსა და კომპანიას შორის შეთანხმდა. გარკვეული პროგრესი მიღწეულია. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კითხვები გვაქვს. პირველად არ ხდება, როდესაც „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლები შეხვედრას ესწრებიან. უფრო ტექნიკურ საკითხებზე გვექნება საუბარი, თუ რა გაკეთდა და კიდევ დამატებით გასაკეთებელი რა არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, იგი „არ-ემ-ჯი გოლდისგან“ მოისმენს, რა ღონისძიებები გაატარა კომპანიამ სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანებული და დაბინძურებული გარემოს აღსადგენად 2018 წლის განმავლობაში.
„ბევრი სახის სამუშაოა. რეკულტივაციიდან დაწყებული, მათ შორის დაბინძურების აღმოფხვრა, როგორც მდინარის, ნიადაგის, კოლექტორებისა და ფილტრატორების დაყენება. პროექტის ნაწილში იყო მდინარის გვირაბში მოქცევაც“, – განაცხადა კუჭავამ.
როგორც „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლები ამბობენ, 2018 წლის პროგრამა რაც იყო, შესრულებულია.
შეხვედრას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც.