კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და რობერტ პორტმანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ამერიკელ სენატორებს, დემოკრატ ჯინ შაჰინს და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მიღწევებზე, რომელიც პარტნიორობის ყველა მიმართულებით არსებობს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია.
„კახა კუჭავამ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით სენატორების მოსაზრებები მოისმინა. ხაზი გაესვა მრავალპარტიული პარლამენტის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე, ასევე ამნისტიის კანონპროექტზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობას.
სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.