კახა კუჭავა - 30 წლის განმავლობაში ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით და გავამყარეთ ჩვენი დემოკრატია
ნამდვილად ღირშესანიშნავი დღეა. 30 წლის წინ ამ დარბაზში გაჟღერდა სიტყვები, რომლებსაც ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში ელოდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ეს არის დღე, როდესაც დაიწყო დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ბევრ დემოკრატიულ ტესტს გავუძელით, რომლის შემდეგაც კიდევ უფრო გავძლიერდით და გავამყარეთ ჩვენი დემოკრატია. ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ ამერიკის სენატში გაჟღერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, ყველა ისურვებდა, რომ საქართველო ყოფილიყო კიდევ უფრო ძლიერი, არ გვქონოდა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა ამისთვის საჭიროა ერთად მუშაობა.
„ჩემთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ვხედავთ ცარიელ ადგილებს პარლამენტში. ჩვენ გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის, გადაგვედგა ნაბიჯები კომპრომისისკენ და დღეს გვენახა სავსე დარბაზი.
„სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ გუშინ, თუმცა მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ზუსტად ამ ადგილებს ვნახავთ შევსებულს, ოპოზიციას ვიხილავთ დარბაზში და ზუსტად აქ მოხდება ყველა იმ საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.