თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული მოზარდები მოინახულა. კახა კალაძე ინგოროყვას კლინიკასა და „ამტელ ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა.
თბილისის მერმა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
კახა კალაძის თქმით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის ფასადი 2008 წელს მოპირკეთდა, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ბავშვების მდგომარეობა უკეთესია, დამაკმაყოფილებელია. ხვალ გაწერენ ალბათ. 2008 წელს ფასადზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაო და მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის განცხადებით, მოზარდს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა. დაშავებული ხუთი მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შემთხვევა ბარათაშვილის ქუჩაზე მოხდა. შენობის ფასადიდან ჩამოვარდნილი მინა არასრულწლოვნებს დაეცა.