მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ბარათაშვილის ქუჩაზე მინის ჩამოვარდნის შედეგად მოზარდის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემის“ შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე ექვსი  არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებულთაგან 14 წლის ასლან მამედოვი გარდაიცვალა. ექვსივე მათგანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.