კახა კალაძე - რუსეთთან უვიზო მიმოსვლას და ფრენების აღდგენას აპროტესტებენ ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდნენ და მოუწოდებდნენ რუს მოქალაქეებს, შემოსულიყვნენ საქართველოში და ბიზნესი ეკეთებინათ
დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„„ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“, – აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან ფრენების აღდგენაზე არ ჰქონია.
„რა თქმა უნდა, არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ, რომ გააკეთონ.
პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდნენ და მოუწოდებდნენ რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქცირების გაუქმებაზე. ეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, არამედ პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე, იმაში, რომ ქართველს საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება, ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.