კახა კალაძე - მემანქანეებთან შეხვედრაზე ყველაფერი დეტალურად გავიარეთ და იმედია, უახლოეს ხანებში მეტრო გაიხსნება
თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის შეხვედრა დასრულდა.
თბილისის მერი, კახა კალაძე გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს ხანებში მოხდება მათი პოზიციების შეჯერება და მეტრო გაიხსნება.
„ახლა დავასრულეთ შეხვედრა. ავუხსენით არსებული მდგომარეობა როგორც მერიაში, ისე კომპანიაში. მათ კიდევ ერთხელ გვითხრეს თავიანთი გასაჭირი და პრობლემები. გავიარეთ ყველაფერი დეტალურად და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და მეტრო გაიხსნება. ჩვენ ავუხსენით ის, თუ როგორია ფინანსური მდგომარეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჯერ უცნობია, განაახლებს თუ არა მეტროპოლიტენი დილით მუშაობას.
ამასთან, თბილისის მერთან შეხვედრა მემანქანეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მეტროპოლიტენის გაფიცულმა თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, კახა კალაძის მხრიდან მიიღეს შეთავაზება, რომ მერია ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობას 2019 წელს დაიწყებს, რადგან როგორც მათ განუმარტეს, ამ ეტაპზე ბიუჯეტში შესაბამის თანხა არ არსებობს.
შეხვედრიდან გამოსული მემანქანეები ამბობენ, რომ მათთვის ეს შეთავაზება მიუღებელია და პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
ამასთან, გლდანში მისვლამდე კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს თბილისის მერიაში შეხვდა, თუმცა მერიაში შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.
მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.