კახა კალაძე - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხზე პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების საკითხზე პროკურატურამ ისაუბრა, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქმე ეხება ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულს, რომელიც საკმაოდ სენსიტიურუ თემაა.
„მივიჩნევ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. განთავისუფლების საკითხს რაც შეეხება, პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ვრცლად ისაუბრა, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ხდებოდა მათი გამოშვება. მათი თქმით, უკვე მოპოვებული აქვთ ყველანაირი მტკიცებულებები, რათა მოხდეს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა. დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ რაიმე კომენტარის გაკეთება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ელისაშვილის პარლამენტში შესვლას ეს გადაწყვეტილება, კალაძემ აღნიშნა „არა არ მგონია ნამდვილად, არაფერ შუაშია ჩემი აზრით“.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.