კახა კალაძე - არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, ქალაქი თანაბრად უნდა განვითარდეს
არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე, ქალაქი თანაბრად უნდა განვითარდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი ქალაქის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მის განხორციელებაში აუცილებელია ყველას ჩართულობა, მათ შორის ბიზნესის.
„ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია. ამ პროექტის განხორციელებაში მარტო მერია ვერაფერს გავა. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, რადგან როცა ვსაუბრობთ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, აქ საუბარია, რომ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ამაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ბიზნესის თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი განმარტებით, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება მუნიციპალური ტრანსპორტის ჩართულობის საკითხი, ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოების საკითხები, რაშიც მერია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ასევე, მოიაზრება კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება.
„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.