კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულების სამინისტრო არ იძლევა რეკომენდაციას ვინმეს გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რომელიმე მსჯავრდებულის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე რეკომენდაციას არ იძლევა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, მისი უწყებიდან ვეფხია ბაქრაძის დახასიათებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„პირადად მეც და ე.წ. უდოს კომისიის ხელმძღვანელმაც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ იძლევა კონკრეტულად ვინმეს გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე. ეს არის ინტერვიუს სახით მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა განუცხადა სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს კონკრეტულ კითხვებზე მსჯავრდებულმა. ასეთი ტიპის ინფორმაციები იგზავნება შეწყალების კომისიაში, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში, რომ გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ობიექტური“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მექანიზმის დანერგვაზე, რომელიც კომისიას მისცემს შესაძლებლობას მრავალმხრივ შეისწავლოს საქმე და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
„ვმუშაობთ ისეთი ტიპის მექანიზმის დანერგვაზე, რომ უკვე კომისიას მიეცემა შესაძლებლობა მრავალმხრივ, არგუმენტირებულად, ობიექტურად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს შეწყალების თაობაზე, ან შეწყალების უარზე, რადგან შეიძლება ორივე გადაწყვეტილება იყოს მტკივნეული, სახიფათო. ამიტომ მექანიზმები, ამ გადაწყვეტილებების დაცულობის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეწყალების მექანიზმის დახვეწისა და კომისიის მუშაობაში ცვლილებების საჭიროებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ თბილისში ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ოჯახური ძალადობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი და მას პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ. უდოს კომისიამ ბაქრაძეს გათავისუფლებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქრაძის საქმეს თან ერთვოდა ოჯახის თხოვნა და სასჯელაღსრულების უწყების დადებითი დახასიათება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 17 აპრილს, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ბაქრაძესთან დაკავშირებით ადგილობრივ საბჭოსა და შეწყალების კომისიას იდენტური დოკუმენტები ჰქონდათ.