კახა იშხნელი - სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი, ის „ოქროს სტანდარტს“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის
კახა იშხნელი - სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი, ის „ოქროს სტანდარტს“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის

ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, უარყოფითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კლინიკიდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი. საავადმყოფოში მოთავსებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილურია.

„ყველა ტესტი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, აღმოჩნდა უარყოფითი. ორი პაციენტი უკვე გავწერეთ, კიდევ ველოდები შევსებას. ორივე ბავშვის, მცირეწლოვნების, მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით, სტაბილურია დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც“, – განაცხადა იშხნელმა.

ამასთან, მისი თქმით, შესაბამისი სტანდარტული დროის გასვლის შემდეგ პირველი ინფიცირებული პაციენტის შემოწმების შედეგად, თუ სათანადო პასუხი იქნა, ის ბინაზე გაეწერება.

იშხნელის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტია და კიდევ ორს ელოდებიან.

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ე.წ. სწრაფ ტესტებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა.

„სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი. ეს ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ, მაგრამ აქვს თავისი ადგილი გამოკვლევებში. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, მინდა, ეს ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის. ეს სუფთად სამედიცინო, ჩვენთვის, ინფექციონისტებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია“, – განაცხადა იშხნელმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის წარმმართველი არის ლუგარის ლაბორატორია.