გია ვოლსკი - კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია, ფაქტია, ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს
გია ვოლსკი - კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია, ფაქტია, ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, კიბერშეტევის საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, თუმცა, მისივე თქმით, რეალურად დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა.

„გამოქვეყნებულია მონაცემები, ძირითადად არის უზუსტობა. ეს ასეც რომ არ იყოს, ინფორმაცია, რომელიც ინახება, არის ადამიანების პირადი მონაცემები, რაც ხელშეუხებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის და კიბერშეტევის მიტანა ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება. ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, შეტევა საიდანაც მომდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.​

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.