კახა გვანცელაძე - მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ბავშვებთან დაკავშირებულ სენსიტიურ თემებზე სპეკულაციისგან თავი შეიკავონ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე მიიჩნევს, რომ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას გარკვეული შეკითხვები ისეთ სენსიტიურ თემებზე, რომელიც ბავშვებს ეხება, აშკარად სპეკულაცია იყო.
სააგენტოს ხელმძღვანელმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, გარკვეული თემებით სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.
“გარკვეული შეკითხვები იყო კონსტრუქციული ფორმის, გარკვეული შეკითხვები აშკარად იყო სპეკულაცია იმ სენსიტიურ თემებზე, რომელიც ბავშვებს ეხება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, სპეკულაციებს შეეშვან, რადგან ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა და აუცილებელია, რომ არა პოლიტიკოსებმა, არამედ ექსპერტებმა განიხილონ თემები, რომელიც მაგალითად შეეხება კვების რაციონს და მენიუს, რომელიც შედგენილია მთავრობის დადგენილების შესაბამისად“, – განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა გვანცელაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ნეპოტიზმის საკითხს, რომელზეც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბაღების სააგენტოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები, ამის საპასუხოდ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ თემით დაინტერესდება.
“მთავარია ვნახოთ, რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული აღნიშნული კადრები, გაიარეს თუ არა მათ შესაბამისი კონკურსის ეტაპები და რა ფორმით იყვნენ აყვანილი სამსახურში“, – განაცხადა გვანცელაძემ.