თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ხვალ განახლდება, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანიაც დაიწყება.

„კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ. საინფორმაციო ფურცლები უკვე მზად არის და ისინი მშობლებს ერთი კვირის განმავლობაში დაურიგდებათ“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბაღის შენობაში იმუშავებს ჯანდაცვის კოორდინატორიც, რომელიც გრიპთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მისგან თავის დაცვის ზომების შესახებ მშობლებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, ბაღში არ დაიშვება.