კახა გოგოლაშვილი - პრემიერის განცხადება არის საკმაოდ რბილი, რადგან არსებობს საფრთხე, რუსეთმა ეს სიტუაცია შემდგომი ესკალაციისთვის გამოიყენოს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების ტონი არაპოპულარული და პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ კორექტულია საერთაშორისო კონტექსტის და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასამალად ვითარების გამწვავება ახლა ალბათ რუსეთს უფრო აწყობს. ამის შესახებ პირველ არხს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა განუცხადა.
მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა რუსეთისადმი მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია არა საქართველოს, არამედ რუსეთის ქმედებების გამო, რაც რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს.
მისივე განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში არ იკვეთება. რაც შეეხება ტატუნაშვილის საკითხს, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიმართვაში ჩანს საქართველოს პოზიცია, რომ საკითხის გადასაწყვეტად რუსეთს აქვს რესურსი, შესაძლებლობა და ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს გამოძიების და ცხედრის გადმოცემის პროცესში.
„რა თქმა უნდა, განცხადება არის საკმაოდ რბილი, მაგრამ ეს იმის გამო, რომ არსებობს საფრთხე, რუსეთმა ეს სიტუაცია გამოიყენოს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი ესკალაციისთვის და არსებული ფორმატებიც კი, რომელიც სუსტად მუშაობს ჩვენს შორის, დაიხუროს ან დროებით შეჩერდეს მათში რაიმე აქტივობა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.
მისივე შეფასებით, საქართველო ხაზს უსვამს, რომ მის ინტერესებში არ არის სიტუაციის გამწვავება, ან უფრო მეტი დისტანცირება რუსეთისგან, მაგრამ რბილად მოითხოვს რუსეთის მხრიდან, შესაბამისი ნაბიჯების განხორციელებას.
„ეს არის გაკეთებული საკმაოდ რბილი ტონით, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ არ გაიზარდოს ესკალაციის საშიშროება“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
ამასთან, ექსპერტი გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ, რუსეთის მხრიდან რაიმე სახის დადებით ნაბიჯებს არ ელოდება. მისი თქმით, რუსეთი მოქმედებს ერთი მიზნით – გაჭიანურდეს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა და მისი დაღუპვის გარემოებები ახლო მომავალში არ გასაჯაროვდეს.
„საქართველომ გამოავლინა სურვილი, რომ მშვიდობიანად გაირკვეს სიტუაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი მხარე მოითხოვს შესაბამის რეაგირებას და იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც დამნაშავეები არიან ჩვენი მოქალაქის დაღუპვაში“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.