კახა ბექაური - კომპანიებმა გაიგეს საბოლოოდ, რომ მარეგულირებელს დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა, გარკვეულ კომპრომისამდე მივედით
კახა ბექაური - კომპანიებმა გაიგეს საბოლოოდ, რომ მარეგულირებელს დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა, გარკვეულ კომპრომისამდე მივედით

ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს საბოლოოდ, გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მარეგულირებელს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. სხდომას ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბექაურის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა გაიზიარეს, რომ მარეგულირებელი კომისია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამატებითი უფლებამოსილებით აღიჭურვება.

„კანონპროექტი თავიდანვე ემსახურებოდა, რომ მარეგულირებელს მთავრობასთან ერთად ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოეტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებისთვის, მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამატებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის, მარტო კერძო ბიზნესი არ არის. ვიცით, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულია ეს მომხმარელისთვის. მომხმარებლის ინტერესებია დასაცავი, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა საკუთარ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ. პირველი მოსმენით რაც მიიღო კომიტეტმა, მას შემდეგ დარჩა შემდეგი ნაწილები: ეს არის კონკურენციის ანუ კონცენტრაციის საკითხები – ბენეფიციარის ცვლილება ან შერწყმა თუ ხდება, რომელიც კონკურენციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაზარზე, მეორე არის თავისუფალი დაშვება – მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები საკუთარ ინფრასტრუქტურაზე სხვა საშუალო და პატარა ოპერატორებისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და კონკურენციას ავითარებენ, მესამე – სატარიფო რეგულირება. ამის დარღვევის შემთხვევაში, კომისიამ პირველი მოსმენით დამატებით უფრო ეფექტიანი მექანიზმი მიიღო, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჯარიმები თუ არაეფექტიანი იყო, კომისიას დროებითი მმართველის შეყვანის საშუალება ექნება. ეს თავისთავად დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა ამ სამ კომპონენტში ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ ბაზარზე და რაც მთავარია, მომხმარებლის ინტერესები არ შეილახოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამივე მექანიზმზე არსებობს სასამართლო კონტროლიც.

„სასამართლოს კონტროლი ამ სამივე მექანიზმზე არსებობს, ოღონდ, რაც ეხება სპეციფიკურ ვალდებულებას, რომელიც არის დაშვების ვალდებულება და ტარიფების რეგულირება. კომისია მიმართავს სასამართლოს, თუ ოთხჯერ დარღვევის შემდეგ კომპანიამ მაინც არ აღასრულა კომისიის გადაწყვეტილება. მხოლოდ ოთხი სანქციის შემდეგ ირთვება ეს მექანიზმი. აქ ახალი არაფერი არ არის. ლიცენზიისა და ნებართვების კანონში ლიცენზიის პირობების არშესრულებისთვის ეს მექანიზმი დღეს უკვე არსებობს“, – აღნიშნა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოში შესაძლებელი იქნება დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც.

„რაც შეეხება წილის გასხვისება-შერწყმას, რომელიც წარმოადგენს კონცენტრაციის საკითხებს, აქაც სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ოღონდ ოდნავ სხვა წესით ხდება; კომისია ნიშნავს დროებით მმართველს, მაგრამ კომპანიებს, სადაც დაინიშნება თუ დაინიშნა დროებითი მმართველი (ასევე ოთხი სანქციის შემდეგ ხდება დროებითი მმართველის დანიშვნა), არის ამ გადაწყვეტილების ანუ დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს საბოლოოდ,  გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მარეგულირებელს, დამატებითი უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით. გაიზიარეს, რომ ამ უფლებამოსილების ფარგლებში დამატებითი უფლებამოსილებით აღიჭურვება მარეგულირებელი“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

დატოვე კომენტარი