კახა ბექაური - 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 5.84 მილიონი იყო
კახა ბექაური - 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 5.84 მილიონი იყო

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გასულ წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,469 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, 2021 წელთან შედარებით, 200 მილიონი ლარით მეტია. ტენდენციების განხილვისას თავმჯდომარემ მობილური აბონენტების რაოდენობასა და შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება.

„2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5.84 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი აბონენტი – 1.38 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი აბონენტი 4.46 მილიონი იყო“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს.

კახა ბექაურის თქმით, 2022 წელს, აბონენტების რაოდენობის მიხედვით, საბაზრო წილის 42% – „მაგთიკომს“, 33% – „სილქნეტს“, 25% კი „ბილაინს“ ეკუთვნოდა, ხოლო საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი (ARPU) 11.8 ლარს შეადგენდა. კერძოდ კი, ARPU-ს მაჩვენებელი „მაგთიკომისთვის“ – 14.1 ლარი, „სილქნეტისთვის“ – 12.1 ლარი და „ბილაინისთვის“ 7.7 ლარი იყო.