კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა [ვიდეო]

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის თანამშრომლები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ.

კადეტების გამოსაშვებ ღონისძიებას თავდაცვის ძალების, დასავლეთ სარდლობისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის კანდიდატია. 41 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან ხუთი გოგონაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

„ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის სურვილის გაღვივებას“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.