სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და კადეტებს შეხვდა.

კადეტებმა პრეზიდენტთან ერთად 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და იუნკერებისა და საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის შესახებ არსებული მოგონებები ლიტერატურული კომპოზიციის სახით გააცოცხლეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას კოჯრის ბრძოლებში მონაწილე 18 წლის ახალგაზრდა მოხალისე გივი ღამბაშიძე და გენერალი კვინიტაძე გაიხსენა და აღნიშნა, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული თარიღია.

„არ არსებობს ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა!“ – ამბობდა გენერალი კვინიტაძე.

25 თებერვალი არის ტრაგიზმიც და იმედიც, იმედი, რომელიც დაგვიტოვეს იუნკერებმა თავიანთი ბრძოლითა და გამძლეობით. მათ ძალიან უსამართლო და უთანასწორო პირობებში შეძლეს და გაუმკლავდნენ მტერს, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე დგას და რომელსაც დღეს კიდევ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი უკავია. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო აღედგინა დამოუკიდებლობა. თავის დროზე მთავრობამ არ მოაწერა ხელი კაპიტულაციას, არ დათმო და ეს არდათმობა გაგრძელდა აჯანყებებში, საზღვარგარეთ ჩვენი იუნკერების მიერ სხვადასხვა ქვეყნებისთვის ბრძოლაში, მაგრამ ის ბრძოლა, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ: პოლონეთში, საფრანგეთსა თუ სხვა ქვეყნებში, მათთვის საქართველოსთვის ბრძოლას წარმოადგენდა. არავინ დათმო, არავინ შეეგუა და ამან მოიტანა ის, რომ 1991 წელს აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა, რაზეც ვდგავართ დღეს და ვიდგებით ძალიან დიდხანს. თქვენ ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენთ.

ახლა მოვდივარ გორიდან, თავდაცვის აკადემიიდან. თქვენც და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც, საზოგადოებასთან ერთად, ამ ქვეყნის ხერხემალს წარმოადგენთ. თქვენი მაგალითი, შემართება, ღრმა მოტივაცია და ქართული სახელმწიფოებრიობის თქვენეული გაგება თქვენგან უნდა ვრცელდებოდეს მთლიან საზოგადოებაზე. სწორედ ასეთ შემთხვევაშია ძლიერი ქვეყანა, მაშინ შეუძლია, იყოს გაერთიანებული იმ ძირითადზე, რასაც ქვეყნის მიზანი, ორიენტაცია და ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

ჩვენ ისე უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, რომ ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ვერ გაბედოს კითხვის დასმა. ეს ის მთავარი ძალაა, რომელზეც ჩვენ ვდგავართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ამდენი ომის, ბრძოლისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, შეძლო და დღეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია, „მისი ევროატლანტიკური გზა შეუქცევადია და ეს რომ იციან ჩვენმა მტრებმა, იმიტომ არიან გაავებულნი“.

საქართველოს პრეზიდენტმა წარჩინებულ კადეტებს: ეთერ ბახტურიძეს, ლაშა აბულაძეს, ანა-მარია ქებაძეს საქართველოს პრეზიდენტის გრავირებული ხელმოწერის კალამი უსახსოვრა.

პრეზიდენტმა სასწავლებელში რობოტექნიკის, ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები დაათვალიერა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.