კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად ემზადება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მისაღებად ემზადება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2023-2024 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მისაღებად ემზადება. ამ მიზნით, სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები ამ ეტაპზე იმერეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და კადეტები უკვე შეხვდნენ ზუგდიდისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მათ სასწავლო, სააღმზრდელო, საცხოვრებელი და მიღების პირობები გააცნეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ჩარიცხვის პირობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და რამდენიმე მათგანმა ლიცეუმში სწავლის სურვილიც გამოთქვა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ყოველწლიურად ახორციელებს მოსწავლეთა მიღებას. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისას საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს როგორც მოსწავლე, ასევე ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ ვებგვერდზე – cadet.mod.gov.ge მითითებული საბუთების ჩამონათვალი.

ლიცეუმში მიღება კონკურსის წესით ხდება. მოსწავლემ უნდა გადალახოს ზოგად უნარებსა და მათემატიკაში დაწესებული ჯამური ქულის 30%-იანი ბარიერი და მოხვდეს ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივი კვოტის მიხედვით შედეგების მაღალრეიტინგულ სიაში. გამოცდების შედეგების მიხედვით, ლიცეუმში ჩასარიცხად შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე მოსწავლე სამედიცინო შემოწმების შედეგად მიიღებს უარყოფით პასუხს, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს და მას ჩაენაცვლება რეიტინგით მომდევნო მოსწავლე.

გასულ წელს, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატა ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედროთა შვილებისთვის. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იან ბარიერს, რეიტინგული სიის გარეშე ჩაირიცხება ლიცეუმში.