ჯუზეპე პაზოტო კათოლიკეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს - იწამებ და ყველაფერი განათდება
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია 23:30 საათზე დაიწყო და მას ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს.
მორწმუნეებს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ულოცავს:
„აღდგომა დღეს, სახარების მოსმენისას, თვალწინ დაგვიდგება პეტრესა და იოანეს რბოლა სამარხისაკენ, საჩქაროდ რომ გაემართნენ, როგორც კი მაგდალელმა მათ აუწყა ამბავი (იო 20,3-10). იოანე პირველი მივა სამარხთან. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ უფრო ახალგაზრდაა? ალბათ! როგორც ჩანს, ახალგაზრდებს (ახალგაზრდობა კი, მოგეხსენებათ, ასაკზე მეტად გულის მდგომარეობით იზომება) მეტი შესაძლებლობა აქვთ, პირველებმა მიაღწიონ აღდგომის საიდუმლოს, რაკი ახალგაზრდას სირბილი შეუძლია, ადამიანი კი მაშინ მირბის, როდესაც მომავალს იმედით შესცქერის. აღდგომა იმედია… ახალგაზრდაც მაშინ გქვია ადამიანს, თუკი იმედი გაქვს; ეს იმედია, რომელიც გიბიძგებს, წამოგაყენებს და გულის კარნახით წაგიძღვება წინ! გწამდეს აღდგომა, ნიშნავს, ყველაზე დიდი საფუძველი დაუდო ყოველ იმ იმედს, შენს გულში რომ იჩენს ხოლმე თავს! იმედი, რომელიც იბადება იმ შეგნებიდან, რომ სიკვდილი დამარცხდა, რომ ყოველგვარი ცოდვის დამარცხება შესაძლებელია, რომ სიკვდილის არც ერთ ნიშანს გრძელი დღე არ უწერია. სიცოცხლე მარადიულია და ჩვენც მოხმობილნი ვართ მარადისობისაკენ! მაშასადამე, აი, პირველი სიტყვა, რომელიც უნდა უთხრა მას, ვისაც სურს ახალგაზრდობა შეინარჩუნოს: გავიქცეთ სამარხისაკენ, ნუ შეგვაშინებს საიდუმლოს წყვდიადი! იცოდე: იწამებ და ყველაფერი განათდება! არ შეგვაშინოს რწმენამ! რწმენასა და იმედს ვპოვებთ მასში, ვინც სიკვდილი დაამარცხა.
თუმცა ჩვენს ყურადღებას იქცევს ერთი ფაქტი: იოანე, როდესაც იგი მირბის სამარხისაკენ, არაა მოხსენიეbული თავისი სახელით, – მხოლოდ ნათქვამია, რომ იგი „იესოს საყვარელი მოწაფეა“. იგი უსახელოა, ანონიმია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ჩვენ-ჩვენი თავი დავინახოთ მასში, ჩვენი სახელი ერქვას საყვარელ მოწაფეს!
ცარიელი სამარხიდან გაჟღერებული სათქმელი ესეცაა: „ვინც არ უნდა იყო, მიბაძე იოანეს, გაიქეცი სამარხისაკენ“. მხოლოდ იესოსთან სიყვარულის კავშირი ახდის ფარდას და აგვიხელს თვალს აღდგომის იდუმალ სინამდვილეზე.
„უფალო, შეგთხოვთ მოგვანიჭო სიყვარულის „სიჭარბე“, შენთან კავშირის „სიჭარბე“ , რათა ვპოვოთ ჩვენი სიცოცხლის „სიჭარბე“, რომელიც მარადისობად იქცევა“.
პასექის შემდგომ შვიდეულში ვიხილავთ, როგორ გადაშლის ლიტურგია ჩვენს თვალწინ აღმდგარის გამოცხადებათა მონათხრობებს. თითოეული მათგანი სხვა არა არის რა, თუ არა შეხვედრის მოწმობა. იმ შეხვედრის წყურვილით სირბილი, რომელიც ახალ სიცოცხლედ იქცევა ჩვენთვის! შეხვედრა აღმდგართან! ესაა პასექი.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
გილოცავთ ყველას!!!”