ჯუმბერ ბაჩალიაშვილი - საგამოძიებო ექსპერიმენტიდან მე შედეგს არ ველოდები, საქმის გასაწელად აკეთებენ
„საგამოძიებო ექსპერიმენტიდან მე არაფერ შედეგს არ ველოდები. ისევ თავიანი თავისთვის აკეთებენ, რომ საქმე გაიწელოს და დრო მოიგონ. მე ასე ვფიქრობ. ჩვენს სახეიროდ არაფერი არ ხდება“, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ხუთი დღის განმავლობაში არ მდგარა.
„რა თქმა უნდა, არ იდგა. ესენი ეცდებიან, ექსპერიმენტით დადგინდეს, რომ მანქანა იდგა, მაგრამ ფაქტია, არ იდგა. ფაქტობრივად, ამ ყველაფრით თვალში მტვერს გვაყრიან. ეს მანქანა 21 ივლისს, გამთენიისას მოიტანეს. იცით, ცხედარი რა დღეში იყო? ასე დახურულ სივრცეში ეგეთი რაღაც არ ხდება, რაც ბავშვზე იყო“, – აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ფონიჭალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მისი შვილი ვიღაცას ეძებდა.
„ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში არაფერი საინტერესო არ არის, მხოლოდ ძველი ზღაპრები. გუშინ ვუყურე ვიდეოკამერების ჩანაწერებს. არის შიგ რაღაც-რაღაცები. ძალიან ცოტა დავათვალიერეთ, ჩანს მისი გადაადგილება. ჩანს ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე, მისულა ფონიჭალის განყოფილებასთან, იქიდან მოატრიალა და წავიდა ზემო ფონიჭალისკენ. ჯერჯერობით კამერებში არ ჩანს, მაგ მომენტში შევიდა თუ არა ვინმესთან, თუმცა დასათვალიერებელია კიდევ. ჩემი აზრით, დანიშნულების მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ვინ ელოდა ან იქ რა უნდოდა, საქმც ეს არის. რა უნდოდა იმ სოფელში, ვის ეძებდა? ვიღაცას ეძებდა, ათვალიერებდა. ვფიქრობ, რომ ვიღაცამ შეხვედრა დაუნიშნა ამ ადგილზე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი 20 აგვისტოს დაიწყო და 21 აგვისტოს დასრულდა.