ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.
მისივე თქმით, ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია.
„ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული საწარმო. ეს არის კერძო საწარმო. ჩვენ დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია „დელტასთან“ ერთად და წლის ბოლომდე, როგორც დაგპირდით, დავიწყებთ წარმოებას.
საფრენი აპარატი 2019 წლამდე არ გვყოლია. მას შემდეგ ორი წელია, აქტიურად დავიწყეთ საფრენ აპარატებზე მუშაობა და გვყავს ექვსი მოქმედი „სუ-25“, სამი „იროკეზი“, სამი „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი, სამი „მი-24“, თუმცა ეს პროცესი განგრძობითია და ამაზე არ ვაპირებთ გაჩერებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.