„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა არაადეკვატურია
შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
„კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25-პროცენტიანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.
„ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების სამი წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას“, – აღნიშნავენ „ჯორჯიან მანგანეზში“.
კომპანიის განცხადებით, დღევანდელი გაფიცვით დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა.
„იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, – ნათქვამია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.