„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების საშუალება მისცენ
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების საშუალება მისცენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორის, მერაბ ლომინაძის ინფორმაციით, სოფელ შუქრუთში მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო სამუშაოების დაახლოებით 70 პროცენტი შეჩერებულია. მერაბ ლომინაძე გადაკეტილ გზებსა და შეჩერებულ საწარმოო პროცესს მძიმე სიტუაციას უწოდებს და მოსახლეობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობას მაღაროსთან მისასვლელი გზა აქვთ ჩაკეტილი და მაღაროელებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების გამო, მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა.

კომპანიის საოპერაციო დირექტორი აცხადებს, რომ სოფლის ქვეშ სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა კომპანია მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს და მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, ჭიათურასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ფინანსურ კომპენსაციას სთავაზობს.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტის თვალსაზრისით. მხოლოდ ჩვენს კომპანიაზე ექსპორტის წილი დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ნეგატიურად განვითარებული მოვლენების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ექსპორტს, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ დასაქმებულებს, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოდინებებს“, – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

​მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, პროცესებს ხელოვნურად აფერხებენ.

„არიან ჯგუფები, რომელიც დაინტერესებული არიან კონკრეტულად თავისი კეთილდღეობით. უკანასკნელ პერიოდში გახშირებულია უკანონო მიწების რეგისტრაციები, არა მარტო სოფელ შუქრუთში, არამედ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ კომპენსაციის მიღების მიზნით, რომელსაც კომპანია ჯეროვნად ყოველთვის იხდიდა. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვის წინ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, დაიწყო გამოძიება რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილია, თითქმის დასრულებულია“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკებას, რომელზეც კომპანიის ადმინისტრაცია ყველა ეტაპზე თანახმა იყო.