„ჯორჯიან მანგანეზი“ და ჭიათურელი მაღაროელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
2019 წლის 27 მაისს ჭიათურის მერისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების – ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე „ჯორჯიან მანგანეზმა“ და გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, – ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურელი მაღაროელების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დღეს მიღწეული შეთანხმების შედეგადაც გადაწყდა, რომ:
1. ჯორჯიან მანგანეზი“ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით, თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35 პროცენტით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 1-ლი ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25 პროცენტით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ივლისისა მოხდება შემდგომი 10-პროცენტიანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე;
2. „ჯორჯიან მანგანეზი“ გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს;
3. „ჯორჯიან მანგანეზი“ დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის – თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას;
4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს;
5. „ჯორჯიან მანგანეზი“ განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას;
6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს „ჯორჯიან მანგანეზი“ განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას;
7. „ჯორჯიან მანგანეზი“ და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს;
8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზისა“ და ჭიათურელი მაღაროელების ერთობლივ განცხადებაში.