ჯორჯ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების არქივის მასალებით, 1994 წელს ბილ კლინტონთან შეხვედრისას ელცინი მოლდოვასა და საქართველოში კონსტრუქციულ ქმედებებსა და სისხლისღვრის შეწყვეტის სურვილზე საუბრობდა
1994 წელს ბილ კლინტონსა და ბორის ელცინს შორის შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა რუსეთის კონსტრუქციულ ქმედებებზე მოლდოვასა და საქართველოში და სისხლისღვრის შეწყვეტის სურვილზე. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების არქივის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტებში.
საიდუმლო მასალების თანახმად, ნოვო-ოგარევოს აგარაკზე სადილის დროს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსული სამშვიდობო ძალების განლაგება ახლო საზღვარგარეთ. მასალების თანახმად, ბორის ელცინმა თქვა: „იმპერიული მისწრაფებების შესახებ ბრალდებები გვაზიანებს და არ არის სწორი“.
საარქივო მასალების მიხედვით, ბორის ელცინმა ბილ კლინტონს ასევე უთხრა, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდებოდა ნატო-ს, რასაც მოჰყვებოდა სხვა სახელმწიფოები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ელცინის ინიციატივა იყო აშშ-ის, რუსეთისა და ევროპელების ერთგვარი კარტელი, რომელიც დაეხმარებოდა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაუმჯობესებას.
დოკუმენტების თანახმად, კლინტონის პასუხი კარტელზე და ნატო-ზე ფრთხილი იყო და თემა არ განავრცო, თუმცა აღნიშნა, რომ უნიკალური შანსი იქნებოდა, თუ რუსეთი კურსს შეინარჩუნებდა. „ჩვენ შეგვიძლია, ევროპის ქვეყნებისთვის გარანტირებული იყოს ერთი საუკუნის ან მეტი ხნის მშვიდობა“, – განაცხადა კლინტონმა.