ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტმა მიიღო ნებართვა, COVID-19-ის წინააღმდეგ შეამოწმოს გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის პლაზმა
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა კლინიკური ცდა, რომელიც ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებს საშუალებას აძლევს გატესტონ COVID-19-ის თერაპია, რომელიც გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის პლაზმას იყენებს.
უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანთა პლაზმის COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენების სურვილი ჯონს-ჰოპკინსის ინფექციურ დაავადებათა ექსპერტს, არტურო კასადევალის გაუჩნდა. ამისათვის მან შექმნა ჯგუფი, რომელშიც შედიან ექიმები და მეცნიერები მთელი აშშ-დან და რომლებსაც შეუძლიათ საავადმყოფოებსა და სისხლის ბანკებში შეაგროვონ, გამოყონ და მოამზადონ სისხლის პლაზმა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანებისგან. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ მეთოდს გამოიყენებენ კრიტიკულად მძიმე პაციენტთა სამკურნალოდ და სამედიცინო პერსონალის იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
„ეს პროფილაქტიკური ცდა გვეტყვის, არის თუ არა პლაზმა ეფექტიანი ჩვენი სამედიცინო პერსონალის COVID-19-ისგან დასაცავად“, — ამბობს პროფესორი კასადევალი.
სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მკვლევრებს უფლება მისცა გატესტონ სისხლის პლაზმა სამედიცინო პერსონალისა და ახალი კორონავირუსით დაინფიცირების სხვა მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. პლაზმის გამოყოფის სტრატეგია საკმაოდ ძველი ტექნოლოგიაა, ბოლოდროინდელმა მიღწევებმა კი ის ისეთივე უსაფრთხო გახადა, როგორც სისხლის გადასხმა.
ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული პრეპარატი ან ვაქცინა, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანია. კასადევალი და მისი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა პლაზმის გამოყენება ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს დაუყოვნებლივ მისცემს იმუნიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ.
„პლაზმის გადასხმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ყოველდღე გამოიყენება იმ ადამიანთა გადასარჩენად, რომლებმაც სისხლი დაკარგეს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, შეძლებს თუ არა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა პლაზმა COVID-19-ით ინფიცირებულთა სიცოცხლის გადარჩენას და ამ ინფექციისგან ინდივიდების დაცვას“, — ამბობს ჯგუფის წევრი, პათოლოგიების, მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი აარონ ტობიანი.
გასულ კვირას, კასადევალის ჯგუფმა ორგანიზაცია Bloomberg Philanthropies-ისგან და მერილენდის შტატისგან კვლევისათვის 4 მილიონი დოლარი მიიღო.
„დოქტორი კასადევალი და მისი კოლეგები როგორც ჯონს-ჰოპკინსიდან, ისე მთელი აშშ-დან, მედგრად მუშაობენ ამ დაავადების წინააღმდეგ. ჩვენი უნივერსიტეტი მუდმივად ჩართულია თანამშრომლობასა და აღმოჩენებში, რომლებიც კაცობრიობას ემსახურება“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის პრეზიდენტი რონალდ ჯოელ დენიელსი.
ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოჯანმრთელებულ ადამიანთა სისხლის პლაზმის COVID-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ცდებს დისციპლინათშორისი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელშიც ამ დაწესებულების წამყვანი მკვლევრები შედიან.
მომზადებულია medicalxpress.com-ის მიხედვით.