ჯონ ბოლტონი - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს რეგიონის პრობლემებს განიხილავენ
ჯონ ბოლტონი - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს რეგიონის პრობლემებს განიხილავენ

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს რეგიონის პრობლემებს, უსაფრთხოების საკითხებს და ახლო აღმოსავლეთის თემას განიხილავენ. ამის შესახებ ჯონ ბოლტონმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა ჰელსინკიში გამართული სამიტის ერთგვარი გაგრძელება იქნება.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავენ თუ არა დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ნიკი ჰეილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იზიარებს.

არგენტინის დედაქალაქი დიდი ოცეულის სამიტს 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს რუსეთის, არგენტინის, იაპონიის, ჩინეთის და გერმანიის ლიდერებთან გამართავს.