ჯინ შაჰინი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე
ჯინ შაჰინი - მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე

გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ყველა პარტიამ დაუშვა, საქართველოში ამჟამინდელი კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელებულიყო. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, დღევანდელი მოსმენის მიზანია, უკეთესად გაიგონ, „როგორ შეუძლია აშშ-ის საქართველოში არსებული ამჟამინდელი პოლიტიკური დაპირისპირების დემოკრატიული დარეგულირების მხარდაჭერა“.

საქართველომ გრძელი გზა გაიარა შედარებით მოკლე პერიოდში, რაზეც ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და შექმნისკენ მიმართული მისი სამუშაოს გზა არ იყო ყოველთვის სწორი, თუმცა ზოგადი ტრაექტორია პოზიტიური იყო. მე წილად მხვდა პატივი მემოგზაურა საქართველოში სენატორ რიშთან ერთად 2012 წელს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია. ეს არჩევნები იყო აღსანიშნავი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის კუთხით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს დემოკრატიამ გამოცდა გაიარა, თუმცა ზოგადად ის გაძლიერდა და გაღრმავდა“, – განაცხადა სენატორმა.

მან საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომელსაც სენატში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„საქართველომ ასევე გამოხატა სურვილი, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. მას ასევე აქვს მტკიცე სურვილი, გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერ. როგორც სენატში ნატო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვაცხადებ, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და სენატში ამის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაცია კრიტიკულია, მისი გადაწყვეტა ქვეყანას ან დემოკრატიასთან დააბრუნებს, ან მრავალი წლის ძალისხმევას ჩაშლის. მაშინ, როდესაც ეუთო-მ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები, ვციტირებ „იყო კონკურენტული და ეფექტიანად ადმინისტრირებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად“, მან ასევე აღნიშნა საარჩევნო რეფორმის საჭიროება, რის განხორციელებისკენაც მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას. არ არის საკმარისი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ბარიერს აკმაყოფილებს“, – განაცხადა სენატორმა.

მისივე თქმით, დემოკრატიულ არჩევნებს უნდა გააჩნდეს ძლიერი მექანიზმები უთანხმოებების გადასაჭრელად.

„დემოკრატიულ არჩევნებს უნდა გააჩნდეს ძლიერი მექანიზმები უთანხმოებების გადასაჭრელად, მექანიზმები, რომლებიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილისთვის იქნება სამართლიანი. აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და მოკავშირეა. ეს დღესაც ასე რჩება. ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამოკიდებულია საქართველოს ვალდებულებაზე, გააძლიეროს დემოკრატიის ინსტიტუტები. რომ ვიყო მკაფიო – საქართველოს ვალდებულება დემოკრატიისადმი უნდა იყოს დემონსტრირებული ყველა ქართველის ქმედებებით, იქნებიან ისინი მთავრობაში, თუ ოპოზიციაში. აუცილებელია, რომ მთავრობამ გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ამ კრიზისიდან ურთიერთშეთანხმებული გამოსავალის მოსაძებნად.

ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა პასუხობდეს ხალხის ნებას, თუმცა წარმატებულმა დემოკრატიამ ასევე უნდა იმუშაოს და უპასუხოს თავისი მოქალაქეების საჭიროებებს. “, – განაცხადა შაჰინმა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოში შექმნილი ვითარების შეფასებით, ერთადერთი მხარე, რომელიც იმარჯვებს, არის რუსეთი.

„რუსეთი ისწრაფვის არეულობისა და ქაოსისკენ და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრი ზის ციხეში, არის რუსეთის გამარჯვება. ყოველი დღე, როდესაც საქართველს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვება. სწორედ ამიტომ, მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ყველა პარტიამ დაუშვა, რომ ამჟამინდელი კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდეს. დღეს მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს მოსმენა უფრო მკაფიოს გახდის, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს მოსთხოვოს თავის მოკავშირე საქართველოს, შეასრულოს თავისი დემოკრატიული მიზნები და განამტკიცოს ღირებულებები, რომლებიც მის ხალხს გააჩნია“, – განაცხადა შაჰინმა.