ჯეიმს ო'ბრაიენი - ვმუშაობთ მეგობრებთან ევროკავშირიდან, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს სტატუსი, რაც ქვეყანას გაუხსნის წვდომას დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე
ჯეიმს ო'ბრაიენი - ვმუშაობთ მეგობრებთან ევროკავშირიდან, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს სტატუსი, რაც ქვეყანას გაუხსნის წვდომას დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე

ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყანას გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

სხდომაზე განიხილებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

საქართველოს შესახებ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა. კერძოდ, სენატორი დაინტერესდა, რას აკეთებს აშშ საქართველოს დემოკრატიის უზრუნველყოფის დასახმარებლად.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურს ტეხს, ცდილობს, ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. საქართველოსთან დაკავშირებით, კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს, იყოს წესების მორჩილი საზოგადოების ნაწილი, სურს ევროკავშირში გაწევრიანება, სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ აშშ-სთან. კითხვა მდგომარეობს იმაში, ამჯობინებენ თუ არა ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც გარკვეულ პოლიტიკურ გავლენას ფლობენ, რუსეთსა და დასავლეთს შორის, „რუხ ზონაში“ ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე, რომ არის გარდამტეხი წერტილი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და დავაყენეთ რეფორმებთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები. ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ზომებისა, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს ინსტრუმენტებს ამ პროცესის მხარდასაჭერად. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალი ელჩი საქართველოში და ის ახლა აფასებს, რა არის საუკეთესო მიმართულება“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ო’ბრაიენს საქართველოში 2024 წლის არჩევნების შესახებაც ჰკითხეს.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ველოდებით გაერო-ს არჩევნების მომზადების ოფისის პირველად მოხსენებას, რომელიც გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება რაც შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი. ამისთვის ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, და რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.