ჯენ ფსაკი - ნებისმიერი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი
ნებისმირი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან მკაფიო იყო: თუ ნებისმიერი რუსული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი.
ხანგრძლივი გამოცდილებიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიული ქმედებების ფართო კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა, მოიცავს კიბერთავდასხმებს და ნახევრად სამხედრო ტაქტიკებს. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი“, – ნათქვამია ჯენ ფსაკის განცხადებაში.
აღნიშნული განცხადებით თეთრმა სახლმა განმარტა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ პრესკონფერნციაზე გაკეთებული განცხადება, რომელსაც აშშ-სა და უკრაინაში კრიტიკა მოჰყვა. კერძოდ, გუშინ გამართული პრესკონფერენციის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“.