ჯენ ფსაკი - აშშ-ის კავშირები ნატო-ს მოკავშირე პოლონეთთან მტკიცეა მიუხედავად უთანხმოებისა, რომელიც უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით აღჭურვის საკითხზე წარმოიშვა
ჯენ ფსაკი - აშშ-ის კავშირები ნატო-ს მოკავშირე პოლონეთთან მტკიცეა მიუხედავად უთანხმოებისა, რომელიც უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით აღჭურვის საკითხზე წარმოიშვა

აშშ-ის კავშირები ნატო-ს მოკავშირე პოლონეთთან მტკიცეა მიუხედავად უთანხმოებისა, რომელიც უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით აღჭურვის საკითხზე წარმოიშვა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ფსაკის თქმით, სამხედრო ექსპერტებს შორის განხილვები მიმდინარეობს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაწოდონ პოლონური საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას ისე, რომ ესკალაცია არ გამოიწვიონ.

„როგორც იცით, ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინელ და ნატოელ კოლეგებთან კონტაქტზე იმყოფება. განიხილავენ ლოჯისტიკურ გამოწვევებს. მინდა, აღვნიშნო, რომ წინადადება იმის თაობაზე, რომ ამერიკელების მიერ მართულმა ავიაგამანადგურებლებმა დატოვონ ნატო-ს ბაზა საჰაერო სივრცეში საფრენად, სადავოა რუსეთთან და სერიოზული შეშფოთების მიზეზია შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის. წარმოიშობა ლოჯისტიკური კითხვა, როგორც მივაწოდოთ უკრაინას თვითმფრინავები ისე, რომ ეს არ იყოს ესკალაცია. ამ საკითხებზე საუბრობენ კოლეგები სამხედრო უწყებათა დონეზე“,- განაცხადა ფსაკიმ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი იმ ამერიკული კომპანიების აქტივებს გაყინავს, რომელთაც ქვეყანაში ბიზნესი შეწყვიტეს, ფსაკი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიესალმება იმ კომპანიების გადაწყვეტილებას, რომელთაც რუსეთში ბიზნესი შეაჩერეს და აცხადებს, რომ აქტივების გაყინვის შემთხვევაში გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები.

შეგახსენებთ, პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში ამერიკულ ბაზაზე განათავსოს და აშშ-ის განკარგულებაში გადასცეს. პენტაგონი კი ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებს.