ჯენ ფსაკი - ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის ისიც, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა
ჩვენ ვნახეთ რუსული წინადადებები. ჩვენ ამ წინადადებებს განვიხილავთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებების პროექტების შეფასებისას აღნიშნა.
საუბარია ორ პროექტზე, რომელიც აშშ-სა და ნატო-ს მიმართ ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნებს მოიცავს.
როგორც თეთრი სახლის პრესსმდივანი ამბობს, არ დათმობენ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც ევროპული უსაფრთხოება არის აგებული.
„ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს გუშინდელმა განცხადებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა წარიმართოს. ნატო-ს შეშფოთება რუსეთის სახიფათო და მუქარის შემცველი ქცევის შესახებ ეფუძნება ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, ფუნდამენტურ დოკუმენტებს და დიალოგი ჩატარდება ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით.
აღვნიშნავ, რომ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის ისიც, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარეჩარევის გარეშე“, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.