ჯეიმს ვებმა სატურნი გადაიღო — ფოტოები ჯერ დაუმუშავებელია #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა სატურნი გადაიღო — ფოტოები ჯერ დაუმუშავებელია #1tvმეცნიერება

ჩვენ წინაშეა ის, რასაც ყველა დიდხანს ელოდა: ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული სატურნი მთელი თავისი დიდებულებით.

მიუხედავად იმისა, რომ სურათები ჯერ დამუშავებული არაა და საბოლოო სახე არ აქვს, ტელესკოპმა დაკვირვებები თავის ახლო-ინფრაწითელი სპექტროგრაფით (NIRSpec) ჩაატარა და ნედლი ფოტოები ტელესკოპის არაოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე წინასწარ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება სურათი დამუშავების შემდეგ. დიდია ეჭვი, რომ ის მართლაც სუნთქვისშემკვრელი იქნება.

ვებგვერდზე ბევრი ფოტო აიტვირთა; მრავალი მათგანი უბრალოდ მანათობელი ლაქაა, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით გამორჩეულია.

პირველ რიგში, შეხედეთ ამ ფოტოს, რომელშიც სატურნი თითქმის მთლიანად შავია.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ფილტრების გამოყენებაა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნი და მისი რგოლები ინფრაწითელ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში ანათებს, ტალღის სიგრძის დიაპაზონი განსხვავებულია.

NASA-ს განმარტებით, სატურნის რგოლები მზის სინათლეს 2 მიკრონით ირეკლავს, მაგრამ არა 3 და 5 მიკრონით. მისი ზედა ნისლი კი მზის სინათლეს ირეკლავს როგორც 2, ისე 3 მიკრონით.

სურათებში გამოყენებული ორი ფილტრი უფრო გრძელ ტალღის სიგრძეების ზოლშია, რის გამოც, განათებული რგოლები თითქმის ეულად ჩანს კოსმოსის წყვდიადის ფონზე.

თეთრი წერტილები უბრალოდ „ხმაურია“, რომელიც დამუშავების შემდეგ, საბოლოო სურათებს მოშორდება.

სატურნი

შემდეგია მოკლე ტალღის სიგრძის ფილტრით გადაღებული ფოტოები, რომლებშიც სატურნის ღრუბელთა ზოლებიც ჩანს და რგოლები ყველაზე ძლიერ ცენტრში კაშკაშებს.

დაკვირვებებს ბრიტანეთის ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აწარმოებდა პლანეტურ მეცნიერ ლი ფლეტჩერის ხელმძღვანელობით. მათ იმედი აქვთ, რომ მონაცემების საფუძველზე, უფრო მეტს ისწავლიან სატურნის მთვარეებისა და რგოლების შესახებ.

მათი განცხადებით, ინსტრუმენტი NIRSpec საკმარისად მგრძნობიარეა, რათა პლანეტის გარშემო ახალი მთვარეები აღმოაჩინოს.

ამას გარდა, კამერა დროულად გააგრძელებს სატურნის სისტემის კვლევას, რომელიც 2017 წელს, კასინის მისიის დასრულებისას შეჩერდა.

ეჭვგარეშეა, რომ რამდენიმე დღეში, ამ ფოტოების საბოლოო, დამუშავებულ ვერსიებსაც ვიხილავთ.

ნედლი ფოტომასალა სრულად შეგიძლიათ იხილოთ JWST Feed ვებგვერდზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.