ჯეიმს ვებმა საბოლოოდ დაადგინა, როგორ იბადებიან პლანეტები — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა როგორც იქნა ხელში ჩაიგდო მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს პლანეტების წარმოქმნის ძველ ჰიპოთეზას. შედეგად, ასტრონომები დარწმუნდნენ, რომ ამ კოსმოსური პროცესის შესახებ სწორ გზას ადგნენ.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დამუშავებული ჯეიმს ვების მონაცემები მხარს უჭერს ე. წ. ყინულოვანი კენჭების დრეიფის თეორიას; მიჩნეულია, რომ სწორედ ასეთი კენჭების გარშემო იყრის თავს მტვერი და სხვა ნამსხვრევები, რომლებიც თანდათანობით წარმოქმნიან პლანეტებს.
მარტივად რომ ავხსნათ, ყინულოვანი კენჭების დრეიფი შემდეგი რა არის: როდესაც მატერიის ციცქნა, ყინულით დაფარული ნატეხები ახალგაზრდა პროტოპლანეტური დისკოს გარე მისადგომებში ერთმანეთს ეჯახებიან, იმპულსს კარგავენ და შედეგად, ვარსკვლავისკენ იწყებენ „ჩაცვენას“, უფრო თბილ ზონაში, სადაც მათი ყინულის საფარი ორთქლდება (სუბლიმირდება).
კლდოვანი პლანეტები სწორედ ამ წვრილი ნამსხვრევებისა და წყლის ორთქლის სარტყლისგან წარმოიქმნება; ისინია სამშენებლო მასალები ახალშობილ ვარსკვლავურ სისტემაში.
რაც არ უნდა მარტივი იყოს ეს მოსაზრება, შორეულ ვარსკვლავთა სინათლის შესწავლა, რამაც წყლის ორთქლის ადგილმდებარეობაზე უნდა მიგვითითოს, ზედმეტად რთულია, რათა დარწმუნებით ვთქვათ, რომ იქ სწორედ ყინულოვანი კენჭების დრეიფი მიმდინარეობს.
თუმცა, მკვლევართა ჯგუფმა ჯეიმს ვების ინფრაწითელი კამერის მიერ გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები შეისწავლა, რათა პროტოპლანეტური დისკოს ორი ნაირსახეობა გამოეკვლია — კომპაქტური და გაშლილი. როგორც სახელიც მიუთითებს, გაშლილი დისკოები უფრო დიდია და ერთმანეთისგან წნევითა და გრავიტაციით გამოყოფილი სხვადასხვანაირი დისკოებისგან შედგება. კომპაქტური პროტოპლანეტური დისკოები ერთმანეთთან უფრო მჭირდროდ არის მიწყობილი.
როგორც ამ ახალმა კვლევამ აჩვენა, ყინულოვან მასალებს მართლაც შეუძლიათ პროტოპლანეტური დისკოს მასშტაბით გადაადგილება, მაგრამ ეს უფრო მარტივად ხდება კომპაქტურ პროტოპლანეტურ დისკოებში.
„წარსულში ჩვენ გვქონდა პლანეტების ფორმირების ძალიან სტატიკური სურათი, თითქმის ისეთი, თითქოს იქ იზოლირებული ზონები არსებობს, სადაც პლანეტები იბადებიან. ახლა კი უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს ზონები ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. ნავარაუდევია, რომ სწორედ ასეთი რამ მოხდა მზის სისტემაშიც “, — ამბობს ვასარის კოლეჯის პლანეტური მეცნიერი კოლეტ სალიკი.
კომპაქტური და გაშლილი დისკოების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით, ჯგუფმა კომპაქტური დისკოს ე. წ. თოვლის ხაზში შეგროვებულ მონაცემებში უფრო მეტი წყლის ორთქლი ნახა, იქ, სადაც ყინულოვანი კენჭები გაცილებით მეტ წყალს უნდა კარგავდნენ.
ეს კი მხარს უჭერს იდეას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მასალებს დისკოს შიდა ნაწილისკენ გადასვლა შეუძლიათ — ფენომენი, რომელიც გაცილებით ეფექტიანია კომპაქტურ დისკოებში, სადაც საჭირო არაა დიდი ნაპრალების გადაკვეთა. ვინაიდან სუბლიმირებული კენჭების ნაკადის გარედან შემოდინება გრძელდება, თან მოაქვთ მყარი მასალები და წყალი, რომლებითაც ახალ პლანეტათა ჩანასახები წარმოიქმნება.
აღმოჩენა მართლაც გასაოცარია და ის შესაძლებელი გახადა ჯეიმს ვების მაღალი რეზოლუციის, სუპერმგრძნობიარე ინსტრუმენტებმა. ახლა, როცა უკვე იციან, რომ ეს კონკრეტული პროცესი მართლაც ხდება, ასტრონომებს პლანეტების ფორმირების შესწავლა გაცილებით უკეთესად შეეძლებათ.
„ვებმა საბოლოოდ გამოავლინა კავშირი შიდა დისკოში წყლის ორთქლსა და გარე დისკოდან ყინულის კენჭების შემოსვლას შორის. აღმოჩენა ამაღელვებელ პერსპექტივებს აჩენს ჯეიმს ვებით კლდოვანი პლანეტების ფორმირების შესწავლისთვის“, — ამბობს ტეხასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ანდრეა ბანცატი.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.