ჯეიმს ვებმა მორევის გალაქტიკა საოცარ დეტალებში გადაიღო — #1tvმეცნიერება
მორევის გალაქტიკა, იგივე M51, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ობიექტია ღამის ცაზე. ის ჩრდილოეთის ცაზე საკმარისად ახლოს არის და თანაც, იმდენად გამოკვეთილია, რომ მოყვარულ ასტრონომთა ერთ-ერთი საყვარელი გადასაღები ობიექტია.
თუმცა, ასეთი რამ ჯერ არ გექნებათ ნანახი: M51 ჯეიმს ვების თვალით.
ფოტო შეიცავს ვების NIRCam და MIRI ინსტრუმენტთა მონაცემებს, რომლებიც წარმოუდგენელ დეტალებს გვიჩვენებს, მათ შორის, სპირალურ მკვალებს შორის მიჩქმალულ მახასიათებლებსაც.
მორევი ამ გალაქტიკას სწორედ მორევის მსგავსი სტრუქტურის გამო უწოდეს, რომელიც სადრენაჟო ჭაში ჩამავალ წყალს წააგავს. სხვა დიდი სპირალური გალაქტიკების მსგავსად, მისი სპირალური მკლავებიც საკმაოდ გამოკვეთილია.
ჯეიმს ვების ფოტოზე, სპირალური მკლავების გასწვრივ კონცენტრირებული თბილი მტვერი ბნელი რეგიონების სახით ჩანს.
კაშკაშა ზონები მკლავების გასწვრივ არის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები, რომლებიც ბირთვისკენ ცისფერი და თეთრი ხდება.
ნარინჯისფერი და ყვითელი ზონები ასახავს იონიზებული გაზის რეგიონებს, რაც ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავთგროვების მიერ არის გაჩენილი.
მორევის გალაქტიკა ჩვენგან 31 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს.
სხვა ფოტოებზე, მაგალითად, ჰაბლის მიერ გადაღებულზე, მორევის გალაქტიკის გვერდით ჩანს სხვა, მოყვითალო გალაქტიკაც. მისი სახელია NGC 5195. ის და კიდევ ორი სხვა გალაქტიკა, მორევის გალაქტიკასთან ურთიერთქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ მორევის გალაქტიკაზე გაცილებით პატარაა, NGC 5195 მასზე იმხელა გავლენა აქვს, რომ სპირალური მკლავების ასე ძლიერ გამოკვეთილობა, ნაწილობრივ სწორედ მისი დამსახურებაა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.