ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს ჩვენთვის ციური მაგიის უახლესი ფოტო აქვს — ახლად დაბადებული ვარსკვლავის ნარინჯისფერი და ცისფერი მტვრის ზეციური ქვიშის საათი.
ფერადი ღრუბლები მხოლოდ ინფრაწითელ სინათლეში ჩანს და შესაბამისად, აქამდე ნანახი არ გვქონდა, ვიდრე მათ ვების ახლო-ინფრაწითელი კამერა (NIRCam) გადაიღებდა.
ძლიერ ახალგაზრდა ვარსკვლავი, სახელად პროტოვარსკვლავი L1527, გაზის მბრუნავი დისკოს შიგნით, წყვდიადში იმალება.
თუმცა, დისკოს ზემოდან და ქვემოდან სინათლე ჟონავს და ქვიშის საათის ფორმის ღრუბლებს ანათებს.
ღრუბლები წარმოქმნილია ვარსკვლავისა და მიმდებარე მატერიის შეჯახების შედეგად გამოტყორცნილი მასალისგან. მტვერი ყველაზე თხელი ცისფერ მონაკვეთებშია, ყველაზე სქელი კი ნარინჯისფერ ნაწილებში.
პროტოვარსკვლავი ჯერ სულ რაღაც 100 000 წლის არის და ვარსკვლავის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ჯერ ვერც საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებს.
გარშემორტყმული აქვს შავი დისკო, რომელიც დაახლოებით ჩვენი მზის სისტემის ზომის არის და პროტოვარსკვლავს მატერიით იქამდე გამოკვებავს, ვიდრე ის ბირთვული სინთეზის დაწყების ზღვარს მიაღწევს.
„საბოლოო ჯამში, L1527-ის ეს ხედი ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, როგორ გამოიყურებოდა ჩვენი მზის სისტემა ჩვილობაში“, — წერს ვების ჯგუფი განცხადებაში.
პროტოვარსკვლავი მდებარეობს კუროს მოლეკულურ ღრუბელში, ჩვენგან დაახლოებით 430 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავურ ინკუბატორში, რომელშიც თავს იყრის ასობით ახლად დაბადებული ვარსკვლავი.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მუშაობა 2022 წლის ივლისში დაიწყო და არის კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც უკვე შემოგვთავაზა უპრეცედენტო მონაცემები და საოცარი სურათები.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ჯეიმს ვები აღმოჩენების ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს.
მომზადებულია webbtelescope.org-ის მიხედვით.