ჯეიმს ვების ტელესკოპმა პირველი ფოტოები გადაიღო, მათ შორის არის სელფი — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების ტელესკოპმა პირველი ფოტოები გადაიღო, მათ შორის არის სელფი — #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ინსტრუმენტები ჩართო და კოსმოსის პირველი ფოტოებიც გადაიღო. ამჟამად, ინჟინრები ტელესკოპის ოქროთი დაფარული 18 სარკის გასწორების პროცესში არიან, რათა მან ღრმა კოსმოსში გახედვა შეძლოს. სწორედ ამ პროცესში გახდა საჭირო საცდელი ფოტოების გადაღება ტელესკოპის ინფრაწითელი კამერებით.

ტელესკოპი 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს და საბოლოო ორბიტაზე ის ერთი თვის შემდეგ გავიდა. მას შემდეგ, რაც სამეცნიერო ინსტრუმენტები იმდენად გაცივდა, რომ უსაფრთხოდ მუშაობა შესძლებოდა, მეცნიერებმა ისინი ჩართეს და კალიბრაცია დაიწყეს.

„ვების კოსმოსში გაშვება, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი მოვლენა იყო, მაგრამ მეცნიერებისა და ოპტიკური ინჟინრებისთვის კულმინაციური მომენტია, როდესაც ვარსკვლავის სინათლე წარმატებით შევა სისტემაში და დეტექტორამდე ჩავა“, — ამბობს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერი მაიკლ მაკელვაინი.

სარკეების კალიბრაცია ტელესკოპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან ისინი იდეალურად უნდა გასწორდეს, რათა სუფთა სურათები გადაიღოს. ამ პროცესის გამარტივების მიზნით, ტელესკოპმა ორი ფოტო გადაიღო.

პირველია თავად სარკეების სელფი. ამ ფოტოზე ერთი სეგმენტი დანარჩენებზე კაშკაშა ჩანს, რადგან ის პირდაპირ კაშკაშა ვარსკვლავისკენ იყო მიმართული, ხოლო დანარჩენები ჯერ არა.

ჯეიმს ვების პირველი ფოტო

 

მეორე ფოტოზე ასახულია დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავი, სახელად HD 84406. სურათი წარმოადგენს 1560 ცალკეული კადრისგან შედგენილ მოზაიკას, რომელზეც ვარსკვლავის 18 ასლია ასახული, ყოველი სარკისგან თითო. როდესაც სარკეები გასწორდება, ყველა სეგმენტი ერთი სარკის სახით იმუშავებს და 18 ასლი ერთმანეთს ზემოდან გადაედება.

 

ეს კი ტელესკოპს ყველა სეგმენტის მიერ შეგროვებული სინათლის ერთად თავმოყრის საშუალებას მისცემს, ისე, რომ მკრთალი და უფრო შორეული ობიექტების დანახვაც შეეძლება. სარკეების გასწორების პროცესი დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდება, შემდეგ კი ჯეიმს ვები ეგზოპლანეტების, ვარსკვლავებისა და შორეული გალაქტიკების სურათების გადაღებას დაიწყებს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.