ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სამიზნეები შერჩეულია
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სამიზნეები შერჩეულია

გაზის გიგანტი იუპიტერი, ორგანული მოლაკულები ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბლებში და შორეული სამყაროს ჩვილი გალაქტიკები — ასეთი გახლავთ NASA-ს ჯეიმ ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი პირველი სამიზნეები, რომელთა შესახებაც მონაცემების შეგროვებას ეს ძლევამოსილი ტელესკოპი ამოქმედებისთანავე დაიწყებს, 2019 წელს.

ასტრონომიული საზოგადოების მიერ შეთავაზებული ასზე მეტი ვარიანტიდან, საბოლოოდ 13 პირველი სამიზნე შეირჩა. პროგრამას ტელესკოპი დაკვირვებების 500-ზე მეტ საათს მიუძღვნის და გამოიყენებს ოთხივე სამეცნიერო ინსტრუმენტს.

მონაცემები დაუყოვნებლივ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი, წარმოაჩენს ობსერვატორიის სრულ პოტენციალს და ასტრონომებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად თვალი ადევნონ დაკვირვებებს.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია. გაეშვება 2019 წელს. გამშვები რაკეტა Ariane და ორი სამეცნიერო ინსტრუმენტი სულ არსებული ოთხიდან, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს ეკუთვნის.

„მოხიბლულნი დავრჩით მიღებულ შეთავაზებათა მაღალი ხარისხით. პროგრამა არა მხოლოდ დიდებულ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს, არამედ უნიკალური რესურსი იქნება ამ განსაცვიფრებელი ობსერვატორიის შესაძლებლობათა სადემონსტრაციოდ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე“, — ამბობს კოსმოსური ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის (STScI) დირექტორი კენ სემბაჩი.

„გვსურს, რომ მკვლევართა საზოგადოება რაც შეიძლება პროდუქტიული იყოს მეცნიერულად, რაც შეიძლება მალე“.

„ძალიან ამაღელვებელია, როცა ხედავ თუ როგორაა ასტრონომიული საზოგადოება ჩართული ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სამიზნეების შერჩევასა და შეთავაზებაში“, — ამბობს ESA-ს სამეცნიერო დირექტორი ალვარო ხიმენესი.

„ვები ნამდვილ რევოლუციას მოახდენს სამყაროს ჩვენეულ აღქმაში; პირველი დაკვირვებების შემდეგ მიღებული შედეგები, ასტრონომიაში სრულიად ახალი, ამაღელვებელი ეპოქის დასაწყისის ნიშანსვეტი იქნება“.

მინიმუმ 5-წლიანი მისიის განმავლობაში, ვები დაკავდება თანამედროვე ასტრონომიის საკვანძო თემებით, გააგრძელებს სამყაროს თვალთვალს იმის მიღმა, სადაც უკვე უძლური აღმოჩნდა მისი წინამორბედი — ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი.

მისი კვლევის მიზნები მოიცავს სამყაროს პირველი გალაქტიკების დაფიქსირებას და მათი ევოლუციის კვლევას კოსმოსური დროში; ამავე დროს, „აწონის“ მათ ცენტრებში დამალულ სუპერმასიურ შავ ხვრელებს. იგი გააგრძელებს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კვლევებს, დააკვირდება გალაქტიკებს, რომელთა სინათლეც კოსმოსის გაფართოებამ ინფრაწითელში გადაჭიმა — იმის მიღმა, სადამდეც ჰაბლს შეეძლო დანახვა, რაც ასტრონომებს უამრავ ახალ ცნობას მისცემს გალაქტიკების შესახებ.

გარდა ამისა, ვები ასევე გახდება ახალი ვარსკვლავებისა და მათი პლანეტური სისტემების დაბადების მომსწრე. შეისწავლის როგორც მზის სისტემის, ისე სხვა ვარსკვლავური სისტემების პლანეტებს, რათა უკეთ გაარკვიოს დედამიწაზე სიცოცხლის წარმომავლობა.

კოსმოსურ ობსერვატორიას საშუალება ექნება მოახდინოს ეგზოპლანეტათა ატმოსფეროს შემადგენლობის ანალიზი, რაც იმის გარკვევის საშუალებასაც მოგვცემს, არის თუ არა ესა თუ ის პლანეტა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.

ასტრონომთა პირველი სამიზნე იუპიტერის ზომის გაზის გიგანტები იქნება, რაც გზას მოასუფთავებს უფრო პატარა, სუპერდედამიწათა შესასწავლად.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ტესტირება

 

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით