ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების ახალი თარიღი ცნობილია — 2021 წლის 31 ოქტომბერი #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების ახალი თარიღი ცნობილია — 2021 წლის 31 ოქტომბერი #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება უკვე მრავალჯერ გადაიდო. ბოლოს ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია აღმოჩნდა. ამჯერად, ნასა გაშვების ახალ თარიღს ასახელებს — 2021 წლის 31 ოქტომბერი. ტელესკოპი კოსმოსისკენ სტარტს საფრანგეთის გვიანიდან აიღებს.

გაშვება ბოლოს 2021 წლის მარტში იყო დაგეგმილი, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო შეფერხდა გაშვებამდე აუცილებელ ტესტირებათა შესრულება.

პროექტის ჯგუფი მალე გააგრძელებს ფინალურ ტესტებს უკიდურესად რთულ გარემოში, შემდეგ კი ტელესკოპს გაშვების ადგილზე, სამხრეთ ამერიკაში, საფრანგეთის გვიანის ქალაქ კორუში წაიღებენ.

ჯეიმს ვები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრეა, ძლიერ დახვეწილი, კაცობრიობის მიერ ამ დრომდე შექმნილი ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც პასუხს გასცემს ფუნდამენტურ კითხვებს კოსმოსის წარმოშობის შესახებ.

„ვები ეფუძნება ჰაბლისა და სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპთა გასაოცარ მემკვიდრეობას; სამყაროს ის ინფრაწითელ სპექტრში დააკვირდება და გამოიკვლევს კოსმოსური ისტორიის ყოველ ფაზას. ობსერვატორია დააფიქსირებს იმ პირველი თაობის გალაქტიკათა სინათლეს, რომლებიც ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ. ამავე დროს, შეისწავლის ახლომდებარე ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს და მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლო ნიშნებს“, — ამბობს ნასას ვების პროგრამის მეცნიერი ერიკ სმიტი.

მომავალი წლის დასაწყისში, ტელესკოპს საფრანგეთის გვიანაში წაიღებენ და მოათავსებენ გამშვებ რაკეტაში, Arianespace-ის Ariane 5-ში. ვები პირველი მისია იქნება, რომელიც კოსმოსში გაშვებისას შეასრულებს ურთულეს და ტექნიკურად რთულ გაშლათა სერიას — კრიტიკულ ნაწილს დედამიწის ორბიტაზე ზედაპირიდან დაახლოებით 1,6 მილიონ კილომეტრამდე მანძილზე მიღწევამდე. ორბიტაზე გასვლის შემდეგ, ვები გაშლის დახვეწილ, მზისგან დამცავ ხუთშრიან ფარს, რომელიც დაახლოებით ჩოგბურთის მოედნის ზომისაა. ამის შემდეგ, ვები გაშლის 6,5-მეტრიან ძირითად სარკეს, რომელმაც შორეულ ვასკვლავთა და გალაქტიკათა მკრთალი სინათლე უნდა დააფიქსიროს.

ჯეიმს ვები ნასას შემდეგი დიდებული კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელიც დაგვეხმარება ფარდა ავხადოთ მზის სისტემის საიდუმლოებს, გავიხედოთ უფრო შორს, შორეულ ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტებისაკენ, შეისწავლის მისტიკურ სტრუქტურებსა და სამყაროს წარმოშობას. ვები NASA-ს საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ის ევროპისა და კანადის კოსმოსურ სააგენტოებთან ერთად ახორციელებს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.