2021 წელს ნასას დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური ობსერვატორია უნდა გაეშვა, ტელესკოპი, რომელთან შედარებითაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უბრალოდ საბავშვო სათამაშოა. სამწუხაროდ, ახალი თაობის შთამბეჭდავი კოსმოსური ფოტოებისათვის მოცდა კიდევ ცოტა დიდხანს მოგვიწევს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვების თარიღი კიდევ ერთხელ გადაიდო, ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო, რამაც გეგმიურ ტესტირებებს შეუშალა ხელი.
სამი თვის წინ ტესტირებების შეჩერებისას გაჩენილი ეჭვი ნასამ ახლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა — 2021 წლის მარტში დაგეგმილი გაშვება კვლავ გადაიდო.
„ტელესკოპს მარტში არ გავუშვებთ. ამის მიზეზი რაიმე ხარვეზი ამჯერად ნამდვილად არ გახლავთ“, — განაცხადა ნასას სამეცნიერო დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა თომას ზურბუკენმა.
მარტში დაგეგმილი გაშვება ისედაც ეჭვქვეშ იდგა. წლის დასაწყისში აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ მარტში გაშვების შანსი მხოლოდ 12 პროცენტს შეადგენდა. კორონავირუსის პანდემია მაშინ ჯერ დაწყებული არ იყო.
COVID-19-ის პანდემიის გამო, კალიფორნიული აეროკოსმოსური კომპანია Northrop Grumman-ის თანამშრომლებიც სახლებში გაუშვეს. ტელესკოპის საკმაოდ ხანგრძლივი ტესტირება სწორედ იქ მიმდინარეობდა.
დახურვამდე, კომპანია ტელესკოპს კვირაში 12-ჯერ ტესტავდა, თითოეულ ჯერზე ათი საათის განმავლობაში. მოგვიანებით, ტესტირება კვირაში ხუთ დღემდე, თითო ჯერზე რვა საათამდე შემცირდა. შესაბამისად, დროულად ვერ ესწრება ყველა საჭირო და აუცილებელი ტესტის დასრულება.
ჯეიმს ვების ტელესკოპის პროექტის ღირებულება 9 მილიარდი აშშ დოლარია; მასზე მუშაობა 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო და მას შემდეგ, გაშვება უკვე მრავალჯერ გადაიდო; შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადადება ბევრისთვის შეიძლება, გასაკვირი აღარ იყოს.
ამ ყველაფერმა იმოქმედა დანახარჯებზეც. თავდაპირველი გათვლებით, პროექტის ღირებულება 1-3,5$ მილიარდი იყო და ტელესკოპი 2007-2011 წლებს შორის უნდა გაშვებულიყო.
გაშვების ზუსტი თარიღი გეგმიური მიმოხილვის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, გადავადება მხოლოდ რამდენიმე თვეს მოიცავს და გაშვება 2021 წელს მოესწრება.
ზურბუკენი მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ ამ სახის მისიების როლი მეცნიერებაში სასიცოცხლოა და კოსმოსურ ადმინისტრაციას ასეთი მისიების გაშვების ვალდებულება აქვს.
„ნასას ფლაგმანების კეთება სჭირდება. უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ფლაგმანები. მათთან მიმართებაში გამოწვევები ყოველთვის იყო და მეტის სასწავლად ძალიან დიდი ძალისხმევაც გამოვიჩინეთ“, — ამბობს იგი.
მართლაც, ტელესკოპის მოწინავე ტექნოლოგიათა ამბიციური ხასიათის გამო, არავის სურს, რომ დედამიწიდან 1,6 მლნ კილომეტრის სიმაღლეზე, ორბიტაზე მოძრავ ტელესკოპს შემდეგ რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდეს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მსოფლიოს მოწინავე ინფრაწითელი კოსმოსური ობსერვატორია იქნება შემდეგ ათწლეულში. ტელესკოპი კაცობრიობას დაეხმარება მზის სისტემის საიდუმლოების ამოხსნაში, თავის მახვილ მზერას მიაპყრობს შორეულ ვარსკვლავებთან მოძრავ ეგზოპლანეტებს, შეისწავლის მრავალ იდუმალ სტრუქტურას, სამყაროს წარმოშობას და ჩვენს ადგილს მასში.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ის ევროპისა და კანადის კოსმოსურ სააგენტოებთან ერთად ახორციელებს.
მომზადებულია spacenews.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.